გიორგი ჭოლაძე  20 ივნისის მოვლენებზე - მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ,  რამდენიმე წუთში, სანამ მივედით  ოთახამდე სროლა დაწყებული იყო - თეორიულ ეჭვს დავუშვებდი, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული

გიორგი ჭოლაძე  20 ივნისის მოვლენებზე - მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ,  რამდენიმე წუთში, სანამ მივედით  ოთახამდე სროლა დაწყებული იყო - თეორიულ ეჭვს დავუშვებდი, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჭოლაძეს უსმენენ, რომელიც იმჟამად პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. 

გიორგი ჭოლაძე იხსენებს 20 ივნისის ღამეს და პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხელისუფლება არ დაუშვებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში შსს-მ სროლა დაიწყო.

„პრემიერმა თხრობით რეჟიმში განცხადება გააკეთა და მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ თავადაც აღშფოთებული იყო რაც მოხდა გავრილოვთან დაკავშირებით და მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ ნუ წამოეგებოდნენ პროვოკაციაზე და ნუ გახდებოდნენ რაღაც ჯგუფების გამოსაყენებელი, ნუ იძალადებდნენ, მოუწოდა სიმშვიდისკენ. ბოლოს ყველაზე მთავარი რაც უთხრა : „მე როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნებით, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ეს არ მოხდება“. დამთავრდა ეს ამბავი, მოვტრიალდით უკან, შევყოვნდი დეპუტატებთან საუბრისას, როცა შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, რომელშიც მთავრობა იყო შეკრებილი უკვე სროლა დაწყებული იყო.
მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში, სანამ მე მივედი იმ ოთახამდე სროლა იყო დაწყებული. რამდენიმე წუთში იყო ეს ამბავი“,-განაცხადა გიორგი ჭოლაძემ. 

ალექსანდრე ტაბატაძის შეკითხვაზე მისი აზრით რა გააკეთა ამით გახარიამ პრემიერ-მინისტრი დააკნინა, თუ რა იყო მისი პასუხი გიორგი ჭოლაძემ უპასუხა, რომ გახარიას განცხადებით ის არაფერ შუაში არ იყო. 

„გახარიას პასუხი ჰქონდა, რომ: „მე არაფერ შუაში ვარ სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ადგილზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და იძულებული გახდნენ დაეწყოთ ოპერაცია“,- უპასუხა გიორგი ჭოლაძემ. 

გიორგი ჭოლაძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია გიორგი გახარიას სპეციალურად ათქმევინა პრემიერს ის სიტყვები და შემდეგ სროლის ბრძანება გასცა. 

„როგორც არ უნდა მჯეროდეს, საკუთარი ძმაც რომ ყოფილიყო, თეორიულ ეჭვს დავუშვებდი, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. იმ დროს, როცა მან [გახარიამ] პრემიერ-მინისტრს ათქმევინა ეს, იმ წუთიდან სანამ მივედით იმ ოთახამდე სროლა იყო დაწყებული“,-განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.