გია ანსიანი: გადავურეკე სატყეო სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი, პატარა პაუზა იყო და ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო, სამმართველოს უფროსიც იმეორებს ამ სიტყვებს

გია ანსიანი: გადავურეკე სატყეო სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი, პატარა პაუზა იყო და ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო, სამმართველოს უფროსიც იმეორებს ამ სიტყვებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, რომლის ფარგლებში, სვანეთის სოფელ ხაიშის სატყეო ნაწილის ხელმძღვანელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გია ანსიანს უსმენენ. 

მან გაიხსენა 15 აგვისტოს მასთან განხორციელებული ზარი, რომლითაც უკლებლივ ყველა ტყის მცველს, ქუთაისში, თათბირზე იბარებდნენ. როგორც ანსიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სატყეო სამმართველოს უფროსს განუცხადა, რომ ცინდელიანი ვერ ახერხებდა თათბირზე დასწრებას, მან მოითხოვა, რომ დავით ცინდელიანი იმ შემთხვევაშიც კი უნდა წამოეყვანათ ქუთაისში, ფეხიც რომ ჰქონოდა მოტეხილი. 

"დათო [ცინდელიანი] მეუბნება, მე ზურგი მტკივა, ვერ წამოვალ ქუთაისშიო. რახან უკლებლივ ყველა იყო დაბარებული, გადავურეკე სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი, პატარა პაუზის მერე მკითხა, ვინო და ვეუბნები, დავით ცინდელიანი-თქო, ისევ პატარა პაუზა იყო და ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო, სამმართველოს უფროსიც  კახაბერ ტურავა იმეორებს ამ სიტყვებს, ტელეფონი ხმამაღალზე მაქვს, დათოსაც ესმის და ზაურსაც [მამა-შვილი ცინდელიანები]. რაღაც პატარა წაიბურტყუნა, შევიდა სახლში და ორ წუთში გამზადებული გამოვიდა, წამოვედით. ხაიშში კიდევ ერთი ტყის მცველი გოგო, გულიკო ჭკადუა ჩავისვი და წამოვედით. ძალიან ჩქარა მოვდიოდი, ტრასა ცარიელი იყო, მაგრამ ყოველ წუთში მირეკავდნენ, სად ხარო." -  აღნიშნა გია ანსიანმა. 

მან ასევე გაიხსენა ქართული ჯარის მიერ კოდორის დატოვება და აღნიშნა, რომ სწორედ ადგილობრივებს აჰქონდათ ტყეში მყოფ ჯარისკაცებთან სამოქალაქო ტანსაცმელი და საკვები, რათა მათ შესძლებოდათ ჩამოსვლა. ამასთან, ანსიანმა აღნიშნა, რომ ქუთაისისკენ მიმავალ რეინჯერებს, ხობთან 80 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა შეხვდა, რომელიც აფხაზეთისკენ მიდიოდა. 

"მანქანას წინა დღეს მართმევდნენ რუსები, რახან სახელმწიფო მანქანა იყო - სოფლის შემოსასვლელში იდგნენ მათი ტანკები და მანქანას ლოგოები მოვხსენი, ამიტომ, იმ დღეს არ გავუჩერებივარ. ყველას არ აჩერებდნენ. კოდორიდან ჩვენი ჯარი რომ გადმოვიდა, მათ ფაქტობრივად, ჩვენ [სვანეთის მოსახლეობამ] ჩავაცვით. ტყეში აგვქონდა საჭმელი, ტანსაცმელი, რომ გადაცმულიყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში და ისე ჩამოსულიყვნენ იქიდან. ხაიშიდან რომ წამოვედით, ძალიან ჩქარა მოვიდოდით და გზაზე, თვითონ დათო [ცინდელიანი] ითვლიდა, ალბათ 80 ერთეული ჯავშანტექნიკა შეგვხვდა რუსების, ალბათ, აფხაზეთის მხარეს მიდიოდნენ. ზოგს მანქანა ჰქონდა გამობმული, ზოგს "პუშკებივით" რაღაცები, თავიანთი იყო თუ არა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ძალიან ჩქარა მოვდიოდი და მე არ დავაკვირდი, დათო ჰყვებოდა, რომ 80 ცალი დავთვალეო." - განაცხადა გია ანსიანმა 

ცნობისთვის, გამოძიების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო.