შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ბრიტანეთის საელჩომ თითქოს რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთის საელჩომ აქაც ფეხში ისროლა – სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი თუ უნდა საელჩოს, მისი თქმით, მას არ მგონია, ეს იყოს სფერო, რომელიც მათთვის მომგებიანია.

„ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, როდესაც წინასაარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არჩევნებამდე ათი დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ხმა ადამიანებს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის. ბრიტანეთის საელჩომ ეს არ იკმარა და ახლა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე გადავიდა. მათ არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, ბრიტანეთის საელჩოს დარღვეული აქვს პრეამბულა, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას. ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში როდესაც ჩაერია, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია ჩადებული. ასევე, ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის, სტაბილურობის გაძლიერებისკენ. ბრიტანეთის საელჩო როდესაც აფინანსებს პროპაგანდისტებს, ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს. გარდა ამისა, ბრიტანეთმა დაარღვია შეთანხმების მე-16 და მე-18 მუხლები, სადაც საუბარია, რომ თანამშრომლობა არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის კორუფციული დანაშაულების. იცით, რომ დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთში, ლონდონის კაფეებიდან ვხედავთ მის ფოტოებს. კორუფციულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში მონაწილე ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემა გახლავთ ზუსტად ამ შეთანხმების მე-16 და მე-18 მუხლების დარღვევა. ასე რომ, ბრიტანეთის საელჩოს თუ სურს, ისაუბროს სამართლის დარღვევაზე, გარწმუნებთ, მათთვის საზიანოა ეს დიალოგი თუ პლატფორმა, ვინაიდან აუარება არის მუხლების, კონვენციებისა, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო თუ ელჩი არღვევს. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.