პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ვეტერანი მალხაზ თოფურია 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას პრესცენტრის მნიშვნელობის საკითხს შეეხო.
მალხაზ თოფურიას განცხადებით, აგვისტოს ომის დროს პრესცენტრისთვის უნდა ეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს, რომელსაც შესაბამისი კომპეტენციის ხელმძღვანელი ჰყავდა და არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი სურვილით დანიშნულ გოკა გაბაშვილს, რომლის არაპროფესიონალიზზმაც გამოიწვია უფრო დიდი ადამიანური და მატერიალური ზიანი ქვეყნისთვის.
„პრესცენტრისთვის უნდა ეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაშია. ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი ჰყავდა მაშინ პრესცენტრს, ნანა ინწკირველი. რომელსაც გავლილი ჰქონდა ამერიკული კურსები, როგორ უნდა იმოქმედო საომარ ვითარებაში. როდესაც შენ შენს მოსახლეობას ატყუებ, ძირითადად მიდიოდა, რომ ჩვენ ეს ქალაქი ავიღეთ, იქეთ მივიწევთ, აქეთ. ამ ტყუილს ერთადერთი რამ აქვს დადებითი - ერთი დღე თბილისში უხარია ვიღაცას, მეორე დღეს ის სიხარულიც თავდება. ვინ ტყუვდება? - რუსი დაზვერვა გაბაშვილის ინფორმაციებზე ხომ არ მოტყუვდებოდა. თავდაცვის პრესცენტრი არ გააკარა, გოკა გაბაშვილმა აიღო სრულად ხელში და ბოლომდე აგრძელებდა ტყუილებს ჯარის წინსვლის თაობაზე. ამით მან უზრუნველყო ბევრად მეტი ქართველის დაღუპვა, ბევრად მეტი უძრავი თუ მოძრავი ქონების არ გამოტანა, იმიტომ რომ ერთადერთი სანდო წყარო მოსახლეობისთვის იყო ტელევიზორი, სადაც ეუბნებოდნენ, რომ „შენ კარგად ხარ, შენ ქალაქს და სოფელს ჩვენ ვაკონტროლებთ ნუ გაიქცევი“. გაბაშვილის უნარ-ჩვევები ახლოსაც არ იყო იმ ბოროტებასთან რა მიმართულებითაც ის პრესცენტრს ამუშავებდა“,-განაცხადა მალხაზ თოფურიამ.