კიდევ ერთხელ, [საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების] არანაირი საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვის არაკეთილსინდისიერ ქცევაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უვიზო და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, ბრიუსელმა შეთანხმება დაარღვია.
„თუ ვინმეს საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსთან. დღემდე არ დაუსახელებიათ არცერთი მუხლი, რომლის საფუძველზეც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც ორგანიზაციის არასათანადო ქცევაა. აქედან გამომდინარე, რთულია წინასწარ განჭვრიტო, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მითუმეტეს, როცა ხედავ რაღაც პარტიულ, პოლიტიკურ მიკერძოებებს და გარკვეულ მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი ევროპელი სუბიექტის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წესების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.