ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ ქურდობაში ბრალდებული პირის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად წარმოაჩინონ. მათიკაშვილის თქმით, განცხადება იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია.
"კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმის, თუ რა ზეწოლა ხორციელდება საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება, წარმოადგინონ დემოკრატიაზე თავდასხმად და დემოკრატიის უკუსვლად.
იმდენად აბსურდული და რეაქციულია განცხადების შინაარსი, რომ ამით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია." - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.