2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.
დაჩი ცაგურიას, თქმით მისთვის უცნობია, თუ რა ძალა ამოძრავებთ დღევანდელ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებსა, თუ აგენტებს, რომლებიც გამალებით ითხოვენ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ გამწარებულ, შვილმკვდარ მშობლებსაც კი არ მოუთხოვიათ.
„სულ ვფიქრობ ხოლმე, ვუსმენ, ვუყურებ დღევანდელ მოვლენებს. დღე და ღამე ბატონ იურისთან [ვაზაგაშვილი] ერთად ვიყავით ხოლმე, ქალბატონ იასთან [მეტრეველი] შვილმკვდარ დედებთან. არცერთს თავში აზრად არ მოსვლია ეთქვათ, რომ საქართველოში სანქციები დაადეთ რაღაცას. შვილმკვდარი ადამიანები, გამწარებული, თან დედისერთა შვილები რომ დაუხოცეს, მათ ცხოვრებას რომ აზრი დაეკარგა, ამხელა სიმწარე ჰქონდათ ადამიანებს და მათ არ უთქვამთ ეგეთი რამ და როგორ შეიძლება, ის ცალ ფეხზე დგომის სპეციალისტი, რომ გვყავს და კიდევ ვიღაცები, რომ იხვეწებიან „სანქციები საქართველოს“. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს და გაბრაზებული იყო, მესმის, რომ ვიღაცის პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონდეს, მე ვერ ვხვდები ეგრე როგორ შეიძლება გამწარდეს ადამიანი, რომ ქალბატონი ია, ირინა და ციცინო შავაძეს არ მოსვლიათ თავში აზრად, რომლებსაც გაუნადგურეს ოჯახები და ვიღაც საბანაძეებს და ვიღაც აგენტებს რა სიბრაზე აქვთ ეგეთი ამ ქვეყნის მიმართ, რომ იხვეწებიან გინდათ თუ არა საქართველოს სანქციები დაუწესეთ, წაართვით უვიზო მიმოსვლა საქართველოს, არ მისცეთ სტატუსი და ა.შ. როცა ეს ხალხი პირიქით იყო, გამოხატავდნენ თავის აზრს, ვიკრიბებოდით პროტესტი გვქონა ყველაფერი, მაგრამ ეგეთი რამე, რომ ქვეყანა დაგვეზიანებინა გამორიცხული იყო“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.