ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევის წინაპირობა იყო, რის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ამავდროულად, ახალგორის მიმართულება ხალხისთვის სრულიად ჩაიკეტა.
გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიმართ კითხვები ლეგიტიმურია.
„კარგად იცით, რომ საგარეო და საშინაო თემებში ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის საკითხი, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმ საფრთხეებს, რასაც ქმნის ოკუპაცია, საოკუპაციო ჯარი, სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. არაერთი ობიექტია, ათეულობით ობიექტია საოკუპაციო ზოლის იქით, მაგრამ ზოლის აქეთ გადმოწევა ისე, რომ თავისი სტრატეგიული ამოცანები შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ, რასაკვირველია, არის ყველაზე მწვავე, რაც შეიძლება ამ ვითარებაში მოხდეს. ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევის წინაპირობა იყო, რის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი, დაიკარგა, საოკუპაციო ძალის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სერიოზული შედეგია, რომელიც ახალგორის მიმართულებით მივიღეთ და თუკი რაღაც შესაძლებლობა არსებობდა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. ანუ, შედეგით თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და, რასაკვირველია, იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფოა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის შეფასებით, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.
„მაქვს მოლოდინი, რადგან გახარიას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკურ ველზე სრული რესურსით, როგორც პოლიტიკური პარტია, დარჩეს. მაგრამ არსებობს შეკითხვები, რომელთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პოზიცია. მისი ინტერესია, რომ ეს პოზიცია ამომრჩეველისთვის მიწოდებული იყოს. კომისიაზე მოსვლა, მისი აზრით, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, სწორედ ეს შესაძლებლობაა, როგორმე დაამტკიცოს, რომ პირადად მისი გადაწყვეტილებები არც ამ შემთხვევაში, არც „ბასიანის“, არც პანკისის შემთხვევაში, სრულიად სულელური ოპერაციის ჩატარების პერიოდში გარედან რაიმე კონკრეტული დავალებით არ იყო განპირობებული, არამედ იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ძალიან ძნელია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ, ვფიქრობ, იგი ეცდება. რამდენად წარმატებულად, არ ვიცი, რადგან შედეგი ყველა შემთხვევაში ძალიან მძიმე იყო, რაც დღესაც მძიმე ტვირთად გვაწევს, როგორც მემკვიდრეობა.
მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა – არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ. ასე რომ, სასამართლოს ფუნქციას ამ ტრიბუნიდან თქვენთან საუბარში ვერ შევასრულებ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.
როგორც თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გიორგი გახარიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება და იმედოვნებს, რომ ის გამოცხადდება 23 ივნისს დამატებით გამოკითხვაზე, რათა გაგრძელდეს ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი.