დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, MI6-ის - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური - ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქალი დაინიშნა.
„დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (MI6) ხელმძღვანელის თანამდებობაზე ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელის დანიშვნა. ბლეიზ მეტრეველი გახდება ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი და პირველი ქალი ამ პოსტზე, იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ბლეიზ მეტრეველი ამ თანამდებობაზე რიჩარდ მურს შეცვლის, რომელიც თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს.
ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია.
„მისი გვარი ქართულია, რაც მის აღმოსავლეთ ევროპულ წარმომავლობას ასახავს. კოლეგები ამბობენ, რომ ის შესანიშნავად ფლობს არაბულ ენას და აქვს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საომარ ზონებში, მუშაობის დიდი გამოცდილება“, - წერს Financial Times-ი.