მცდელობა ჰქონდათ, რადიკალებისთვის ფული ჩაერიცხათ და დაეფინანსებინათ, კითხვა გვაქვს ბრიტანეთის ელჩთან: საპარლამენტო არჩევნების დროს ვინ დააფინანსეს? – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ყველამ კარგად იცის, ვინ რას ემსახურება და ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ“.
„დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვებისთვის დასაფინანსებლად შერჩეული ჰყავდა „ჩერგოს“ „ტაბულა“. ის პოლიტიკური აქტორია, არალეგიტიმურს გვეძახის და არჩევნებში მონაწილეობას ვინც მიიღებს, აბულინგებს. თურმე ამას უნდა ჩაეტარებინა მონიტორინგი; მეორე იყო გია ჯაფარიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ 5 ნომერია, მამალი „ნაცი“. მის ორგანიზაციას უნდა გაეწია მონიტორინგი? მესამეა „იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა და მიტინგზე იდგა. ეს ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული, რომ ხელისუფლება ჩამოაგდონ, ესენი განახორციელებენ მონიტორინგს? კითხვა გვაქვს ელჩთან: მანამდე ვის აფინანსებდა, ამ რადიკალებს აფინანსებდა? ჯერ დუმან. ადრე თუ გვიან მაინც გავიგებთ და ჯობს, თავად თქვან, ვინ დააფინანსეს საპარლამენტო არჩევნების დროს. ახლაც მცდელობა ჰქონდათ, რადიკალებისთვის ფული ჩაერიცხათ და დაეფინანსებინათ. რისი მონიტორინგის გამწევები არიან? – რადიკალიზმის, ქაოსის და არეულობის. ვის ატყუებენ? ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ, ყველამ კარგად ვიცით, ვინ რას ემსახურება. ამ რადიკალებს თავიანთი პატრონი ჰყავთ. მათი მიზანია, რევოლუციის მოწყობა და თავიანთი აგენტების დასმა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.