ნიკა გვარამია დაკავებულია

ნიკა გვარამია დაკავებულია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დაკავებულია.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, გვარამია გარკვეული პროცედურების გასავლელად ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ, რის შემდეგაც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.

„გარკვეული პროცედურების გატარების მიზნით გადაიყვანენ პოლიციის დაწესებულებაში, რუსთავის სამმართველოში და შემდეგ დააბრუნებენ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. შეასახლებენ მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. მოსამართლის, ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.

ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა. პროცესის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თავად მივიდოდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

Aburjga Tasmanieli დაკავებულია?! ეს მაჯლაჯუნა საერთოდ ვინ არის, საქართველო, კანონი, სამართალი, ქართველობა, ჩვენი ყველაფერი საფიცარი რომ წამოიცვა და წაბილწა?!
15 საათის უკან
დოი კლოუნი,რომელიც სხვას ვერაფერს მოიფიქრებდა!
10 საათის უკან