მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოსვლაზე ჯამში, 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი.
„რაც შეეხება საფრანგეთს და პოლონეთს, ყველაფერი დევს ხელის გულზე. მარტო სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ერთი ქვეყნის შემთხვევაში, მხოლოდ 9 მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და მე-2 შემთხვევაში, მხოლოდ 16 მოქალაქეს ეთქვა უარი 100 000-დან. ჯამში, 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. პირიქით სტატისტიკა რომ ავიღოთ, მემგონი 1000-ზე მეტია ეს მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში. მართალია, მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ საქართველოს 1000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე. ხშირად, საერთოდ არ ხდება ხოლმე არავითარი მიზეზის განმარტება. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას რადიკალური ოპოზიციის აქციებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერ გეტყვით, ეს არის თუ არა ვინმეს ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ორგანოები. თავისთავად ის ფაქტი, რომ 16 და 9 არის სტატისტიკა, არის იმის დასტური, რომ ეს არავითარი განსაკუთრებული საფუძველი არ არის. როდესაც უცხოელები მონაწილეობენ რადიკალური ოპოზიციის აქციებში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ამასთან დაკავშირებით უნდა აიმაღლოს ხმა შესაბამისმა საელჩომ. მათ უნდა მოუწოდონ საკუთარ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ უცხო ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევისაგან. ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპირო განცხადებებს, როდესაც ისინი პირიქით, ახალისებენ საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობას უცხო ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის აქციებში, სუვერენიტეტში ჩარევას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და პირველ რიგში, ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა. ამაზე შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტებები ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.