მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია

მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია

თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და ის თუ ვერ დაამარცხებს, დამარცხდება ამერიკა,. ადმინისტრაციის შეხედულება სხვაა, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენის ან სენატორის გზავნილი აბსოლუტურად სხვა, ეს რეალობაა. სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მისდამი წერილსა და ამ წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა.

„ძალიან ბევრი მაქვს ოპოზიციაზე ნასაუბრები და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ამ სპეკულაციებს დავუთმო დრო, რადგან არ ვიცი… საბავშვო ბაღია. ტრამპის წერილზე დავიწყოთ ახლა – „ნამდვილი არის“, „არ არის ნამდვილი“, „მართლა გამოაგზავნა“ თუ „არ გამოაგზავნა“, ე.ი. მათ დღის წესრიგში და მათ სპეკულაციებში შევიდეთ და საზოგადოებასაც შეურაცხყოფა მივაყენოთ, რომ ამ წერილის ავთენტურობაზე დავიწყოთ ახლა სჯა-ბაასი? როგორ შეიძლება ამის შეფასება? საელჩოს არ გაუზიარებია ეს წერილი. ჩემს ადმინისტრაციაში რომ გამოიგზავნა, დაადასტურა საელჩომ?! რატომ ვაყენებთ ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფას და რატომ შევდივართ საერთოდ ამ პროცესში? რა კითხვა შეიძლება დავსვათ, რომ ეს წერილი არ არსებობს და მოვიგონეთ ჩვენ?! რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც არ ასაჯაროებს ამ წერილს აშშ-ის საელჩო, ეს სხვა საკითხია. აქ ალბათ არამარტო ამ წერილზე, საერთოდ საელჩოს მიდგომებზე, დამოკიდებულებაზეა საუბარი. ამ წერილის შემდეგ გამოაქვეყნეს, რომ 22 მაისს გაუგზავნეს წერილი ბიძინა ივანიშვილს, ჰქონდათ მცდელობა, ეს წერილი გადაეფარათ. ეს იმის გაგრძელებაა, რაზეც მე ვისაუბრე; თავად ტრამპმა განაცხადა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, რომ მან უნდა დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და ის თუ ვერ დაამარცხებს „დიფ სთეითს“, დამარცხდება ამერიკა, ეს ძალები არსებობენ. ვინმესთვის შეიძლება საქილიკოა, მაგრამ ამ ბრძოლებს ვხედავთ, ხომ?! განსხვავებული ინტერპრეტაციებით, გზავნილებით. ადმინისტრაციის შეხედულება სხვაა, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენის ან სენატორის გზავნილი აბსოლუტურად სხვა, ეს რეალობაა – ამასაც ხომ თვალს ვადევნებთ და ამას ვხედავთ. სამწუხაროდ, საელჩოს ქმედება იმ წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია. მთლად ისე ვერ იქცევიან, როგორც მაშინ, პირდაპირი მნიშვნელობით ჩარევებით და დამუქრებით, საზოგადოებაზე ზეწოლის თვალსაზრისით, ასე აღარ იქცევიან. ეს ნაკადი ნელ-ნელა ვიწროვდება და ალბათ ადრე თუ გვიან დაემორჩილებიან, როცა უფრო მეტად გამყარდება ტრამპის ადმინისტრაციის ძალაუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საელჩო 100 პროცენტით დაემორჩილება ადმინისტრაციის შეხედულებებს. დღეს ვხედავთ, რომ აშკარად მიდის სპეკულაცია და ის, რომ ეს წერილი საეჭვო გამხდარიყო, არ ამოწმებს, პასუხს არ სცემს და არ აქვეყნებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

#აქტუალურითემა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან #LIVE
მსგავსი: #აქტუალურითემა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან #LIVE
საქართველოს პრეზიდენტი აქვე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის ვიზიტს და აღნიშნა, რომ სენატორი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საელჩომ კი ე.წ. ოპოზიციასთან შეხვედრის კადრები გამოაქვეყნა და „უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა“.

„დღევანდელი დღეც გაიხსენეთ. სენატორი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საელჩო აქვეყნებს ე.წ. ოპოზიციასთან შეხვედრის კადრებს. იმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უხეშად ვიტყვი, მაგრამ ვერ გავექცევით ამ შეფასებას, ეს ხომ სიმახინჯეა, ეს ხომ არანორმალურია, რადგან საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, ხელისუფლებასთან ურთიერთობას ამყარებს შენი ქვეყნის სენატორი, ჩამოდის, პრემიერ-მინისტრს ხვდება და ის არ გამოაქვს მთავარ თემად საელჩოს და სპეკულირებს იმით, რომ აქ შეხედულებები გაჩნდეს, თითქოს არავინ არ აღიარებს – აქ სხვა გზავნილებია, გააჩინოს ეჭვები კიდევ უფრო მყარად. რაღაც ლოგიკური ჯაჭვი უნდა შევკრათ ამ ქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის მთავარი და ვეცდები, რომ საზოგადოებას მკაფიოდ გავაგებინო, რას ემსახურება ეს. ელემენტარული წესებია ეთიკის, პოლიტიკური ეთიკის, დამოკიდებულებების, ელჩის ქმედებების, საელჩოების ქმედებების, ვენის კონვენციის, რომელიც ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოიყვანა, არ ვართ ჩვენ ასეთი ჩამორჩენილი და ბნელი საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად მივიღოთ. ხომ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს არღვევს ეს ხალხი ასეთი ქმედებებით; არსებობს ინტერესი, რისი გაგებაც, შეიძლება, არ უნდათ. ძალები, რომლებსაც „დიფ სთეითს“ ვეძახით ჩვენ, საკმაოდ ძლიერია და შეიძლება, ჯერ კიდევ აქვთ გავლენა საელჩოში მყოფ თანამშრომლებზე, ე.წ. ოპოზიციის წევრებზე, რომ ეს გავლენები კვლავ ძალაში დატოვონ და ამ სპეკულაციებით როგორმე შეინარჩუნონ ეს მათი დამოკიდებულება არსებულ სიტუაციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველო ახერხებს, რომ იყოს სტაბილური, ჰქონდეს მშვიდობა და გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა.

„მე მჯერა ჩემი საზოგადოების და ამ რწმენამ გადაგვადგმევინა ეს მყარი ნაბიჯები. ეს სპეკულაციები რომ არა, ჩვენი საზოგადოება თუ შეხედავს რეალურად და საერთაშორისო რეიტინგებსაც თუ დავაკვირდებით, ეს ჩვენი შედგენილი რეიტინგები არ არის, საქართველოს მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ყველა პარამეტრით. არ არსებობს მიმართულება, სადაც არ არის საგრძნობლად გაუმჯობესებული და საქართველო წინ მიიწევს. იმ ფონზე, როცა ბევრ ქვეყანაში არის რეცესიები, ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები საკმაოდ დიდი და ამ ფონზე საქართველო ახერხებს, იყოს სტაბილური, ჰქონდეს მშვიდობა, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა და გააგრძელოს განვითარება. მთელი ეს სპეკულაციები რომ მოვაცილოთ, რომელიც მათივე დაფინანსებული ენჯეოსექტორით, მედიასაშუალებებით გავლენას ახდენენ ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილზე, მაგრამ არცთუ ისე მცირეა ჯერ, მე გული მიკვდება, რადგან ვთქვი, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, ჩვენი მოქალაქეები არიან და არ მინდა, ამ გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული, ამ სიყალბის ქვეშ იყვნენ მოქცეული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.