2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ოთხი პირი - ნონა ყაულაშვილი, სიმონ გასვიანი, თორნიკე გერლიანი და ფრიდონ ზოიძე გამოჰკითხა.
თორნიკე გერლიანმა დალის ხეობაში აგვისტოს ომამდე და ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2006 წელს, როცა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კოდორის ხეობაში შევიდნენ და ე.წ. კოდორის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს, სახლები ვერტმფრენებიდან რაკეტებითა და ტყვიამფრქვევებით იბომბებოდა, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს.
როგორც თორნიკე გერლიანმა აღნიშნა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას დაემუქრა, რომ თუ მათი მხრიდან მცირე წინააღმდეგობა მაინც იქნებოდა „არავის დაინდობდა, ყველას - ბავშვს, ქალს და მოხუცს დანით გამოჭრიდა ყელს".
მისი განცხადებით, 2006 წელს, ბატალიონ „მონადირის" გაუქმების შემდეგ, მისი წევრების დაჭერა დაიწყეს და ორი ადამიანი - რომეო მარგველანი და ზაზა გერლიანი ციხეში მოკლეს.
თორნიკე გერლიანმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2007 წელს ხეობა კიდევ ორჯერ დაბომბა.
2008 წლის ომზე საუბრისას, თორნიკე გერლიანმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხეობის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, მდგომარეობას აკონტროლებდნენ და ევაკუაცია საჭირო არ იყო, თუმცა, 10 აგვისტოს ჯარი კოდორის ხეობიდან გაიქცა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მოსახლეობამ ხეობა.
თორნიკე გერლიანის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიზანი იყო ოკუპანტებისთვის მოსახლეობიანად ჩაებარებინათ ტერიტორიები და რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში.
დალის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე კომისიას ახსნა-განმარტება მისცა სიმონ გასვიანმა, რომელიც 2008 წელს სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდა.
მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს შენაერთები ისე გამოვიდნენ ხეობიდან, რომ ოკუპანტებს 10-15 ათას ჯარისკაცზე გათვლილი დასაწყობებული შეიარაღება დაუტოვეს.
როგორც სიმონ გასვიანმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს, კოდორის ხეობაში დისლოცირებულ სასაზღვრო პოლიციისთვის არავის მიუცია მითითება, თუ როგორ უნდა ემოქმედათ, ვინაიდან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველას გაუფრთხილებლად დატოვეს ხეობა.
მისივე თქმით, 2006 წლიდან სააკაშვილმა არაერთხელ დაბომბა კოდორის ხეობა და ბოლოს ოკუპანტებს ჩააბარა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას დისტანციურად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ნონა ყაულაშვილი ჩაერთო.
მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ, კონფლიქტის ზონიდან თვითდინებით წამოსულ მოსახლეობას უშიშროების სამსახურმა თვალთვალი დაუწყო.
„გვითვალთვალებდნენ, რომ თუ სადმე აქცია იქნებოდა, ვინმე არ გასულიყო, ტელევიზიებში პოზიცია არ დაგვეფიქსირებინა, პრობლემებზე არ გვესაუბრა. იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებული. ეს გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც მოხდა დევნილების განსახლება კოტეჯებში, კომპაქტურ ჩასახლებებში. შეიქმნა ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტი. მათ დავალებული ჰქონდათ ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახში ვინ შედიოდა, ვინ გამოდიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ, ვინ სად გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ მოდიოდა ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. ასეთი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მოსახლეობა 8 აგვისტოს შემდეგ", - განაცხადა ნონა ყაულაშვილი.
მისივე თქმით, უშიშროების სამსახურს აინტერესებდა ვინ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კონფლიქტის ზონა დაეტოვებინა.
„ადგილობრივი მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, დაბომბვებისა და სროლების შემდეგ მოსახლეობა თავად მიხვდა, რომ მიტოვებული იყო და თვითდინებით გამოვიდა", - აღნიშნა ნონა ყაულაშვილმა.
მისივე აზრით, მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ ხელისუფლებამ იმიტომ არ გააფრთხილა, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი აგრესორია.
კომისიამ დღევანდელ სხდომაზე შინდისის გმირის რომან ზოიძის ძმა, ფრიდონ ზოიძე გამოჰკითხა.
მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დროს არ იყო კოორდინაცია და სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან ჯარისკაცების დემორალიზაცია ხდებოდა.
ფრიდონ ზოიძის თქმით, შინდისის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, „თუმცა მათი მომკითხავი არავინ აღმოჩნდა და ისინი ყველას დაავიწყდა".
მან კომისიის წევრებს ეთერ ზაქარიაძის წიგნი ,,ღალატი" გადასცა, რომლის მთავარი გმირი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, შინდისის ბრძოლას გადარჩენილი სამხედრო უჩა გუგუჩიაა და მასში 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკებია აღწერილი.
ფრიდონ ზოიძის შეფასებით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო ჯარიდან და რაც შეიძლება მეტი შეიარაღება აფეთქებულიყო, რადგან ეს დიდი თანხების „გათეთრების" შესაძლებლობას იძლეოდა. მისი თქმით, „მათი პრინციპი იყო - ომი ყველაფერს ჩამოწერს".
მისი თქმით, შინდისის გმირებს ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შემდეგ მოხდა მათი გადმოსვენება.
როგორც ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილისა და მისი გუნდის წამოწყებული პროვოკაცია იყო, იმიტომ რომ მათ აღარ ჰქონდათ ხელისუფლებაში დარჩენის რესურსი და ქვეყნისთვის ისეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ, რომ შემდეგ თავი გადაერჩინათ.
სხდომის დასასრულს, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირებისა და სამშობლოსათვის დაღუპული ყველა გმირის ხსოვნას.