ჯეფრი საქსი: საქართველოს წარმატების ორი მთავარი ფაქტორი ბაზრების დივერსიფიკაცია და რეგიონული თანამშრომლობაა

ჯეფრი საქსი: საქართველოს წარმატების ორი მთავარი ფაქტორი ბაზრების დივერსიფიკაცია და რეგიონული თანამშრომლობაა

პატარა ქვეყნები კრიტიკულად არიან დამოკიდებული ვაჭრობაზე და დიდ ეკონომიკებთან კავშირზე. საქართველოსთვის ეს ათასწლეულების მანძილზეც ასე იყო - ვაჭრობდა ღვინით, სხვადასხვა პროდუქციით, იყო სატრანზიტო ჰაბი აღმოსავლეთ-დასავლეთსა და ჩრდილოეთ-სამხრეთს შორის. ეს იდეა ახალი არ არის. საქართველო ათასწლეულების მანძილზე სატრანსპორტო დერეფანი იყო. ეს რეალობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ჯეფრი საქსმა ვაჭრობაში გლობალურად არასტაბილურ გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და ამ საქმეში ეროვნული ბანკის როლიც დიდია.

„წარმატების ორი მთავარი ფაქტორი დივერსიფიკაცია და რეგიონული თანამშრომლობაა. დივერსიფიკაცია აუცილებელია, რადგან ვაჭრობის გარკვეულ ნაწილში შეიძლება რღვევა მოხდეს. საჭიროა სავალუტო მექანიზმების ალტერნატივების არსებობა - მაგალითად, გადაუდებელი სვოპ ხაზები სხვა ცენტრალურ ბანკებთან, რაც არასტაბილურობისგან თავის დაზღვევის შესანიშნავი საშუალებაა“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

მისი შეფასებით, ვაჭრობაზე არამხოლოდ პატარა, არამედ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც არიან დამოკიდებული. პატარა ქვეყნისთვის კი ვაჭრობა სასიცოცხლოდ განმსაზღვრელი ფაქტორია.