საქართველოს მიმართ სანქციებს ითხოვენ მუდმივად და არა მარტო ითხოვენ, არამედ თვითონ ძალისხმევას არ იშურებენ, რომ როგორმე ეკონომიკას მიაყენონ ზარალი, - განაცხადა ოპოზიციის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. იგი ამგვარად გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ფერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და პოლონეთის პრემირ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიმართ, რომელშიც სანქციების გამკაცრებაზეა საუბარი.
გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას სხვადასხვა გზით ცდილობს.
„საქართველოს მიმართ სანქციებს ითხოვენ მუდმივად და არა მარტო ითხოვენ, არამედ თვითონ ძალისხმევას არ იშურებენ, რომ როგორმე ეკონომიკას მიაყენონ ზარალი - დარტყმები მიაყენონ იმით, რომ ბიზნესი გამოეთიშოს სისტემას, როდესაც იხდიან ბიუჯეტში გადასახადებს, ადამიანებმა შეწყვიტონ მუშაობა, შექმნან გაუსაძლისი პირობები ტურიზმისათვის. ახლა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები წამოწიეს იმიტომ, რომ მათ თავად გარკვეული მესიჯი გააკეთეს თავის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. იმედი აქვთ, რომ ხალხი ეკონომიკური პრობლემების შექმნის კვალდაკვალ ქუჩებში გამოვა და იმ რევოლუციონერებს შეუერთდება, რომლებიც „ოლეთა სექტის“ სახელით არის ბოლო პერიოდში ცნობილი.
ვერ შექმნეს სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი და უნდათ, წარმოაჩინონ, რომ ის არის ერთი მხრივ ხისტი, მეორე მხრივ დაკავშირებულია ევროპულ დედაქალაქებთან, ატარეს ევროპაში, დააწერინეს ქარტია, ქარტიაზე ხელი მოაწერინეს „ნაცმოძრაობას“, რომელიც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა მას. აქედან მაინც ვერაფერი გამოიყენეს. ახლა უნდათ მასაც, პაატა ბურჭულაძესაც რაღაც ხმალამოღებულ დევგმირებად წარმოაჩინონ თავი და სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები იმსახურებენ ამ სახელს, რასაც უსამშობლობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.