საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს და არა იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს.
„ურთიერთობების დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დაემონო. ბევრჯერ მითქვამს და კარგი იქნება თუ ამას გაიაზრებთ - საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს; სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული იმაზე, რომ რომელიღაცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, რაღაცას გვიბრძანებს და ის უნდა გავაკეთოთ თავდახრილმა. ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა. არ არის ეს ასე. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა.
„კიდევ ერთხელ ვამბობთ, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მზადაა, რომ მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა; ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ეს იყოს ნამდვილი, პარტნიორული, მეგობრული. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, აშშ-სთვისაც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე - რა შეიძლება იყოს ურთიერთობების ნორმალიზების საწყისი ეტაპი, თბილისის მერი პასუხობს, რომ პირველ რიგში, მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოსთან მიმართებაში სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების კეთება უნდა შეწყვიტონ.
„მარტივია - დამოკიდებულების შეცვლა საქართველოს მიმართ. არ არის სწორი, როდესაც ავრცელებ ცრუ ინფორმაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, რაც მოვისმინეთ თუნდაც რამდენიმე დღის წინ ევროპის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ამის შეცვლა გვინდა და ისეთი დამოკიდებულება, რომ ყველამ გაიგოს - საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს - ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ვინც არ უნდა იყოს ის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.