შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოზე: როგორ წარმოუდგენიათ შეხვედრის შეთავაზება იმ პირობებში, როდესაც წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოზე: როგორ წარმოუდგენიათ შეხვედრის შეთავაზება იმ პირობებში, როდესაც წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან აშშ-ის საელჩოს განცხადება „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ და ამ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პასუხი შეაფასა.

მისი განცხადებით, ბიძიან ივანიშვილის პასუხში ახალი არაფერია და ეს პასუხი თავის დროზე წინა ელჩსაც მიღებული აქვს.

„ეს არის დასტური იმ თანმიმდევრულობისა, რომელიც აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად ხელისუფლებას თუ პარტია „ქართულ ოცნებას“. ამას ემატება მეორე ფაქტორიც - როგორ წარმოუდგენიათ შეხვედრის შეთავაზება იმ პირობებში, როდესაც წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ, როდესაც ნებისმიერმა გარედან დამკვირვებელმა შეიძლება, იფიქროს, რომ შეიძლება, სწორედ ამ საკითხებზე იყოს მსჯელობა - ხაზგასმით მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდოდა ელჩს შეხვედრა და არა მის უშუალო საკონტაქტო პირებთან - საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან თუ სხვა თანამდებობის პირთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციები დაწესებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ და ამჟამად კონგრესი იკვლევს ბაიდენის მიერ პრეზიდენტობის დროს გადაწყვეტილებების მიღების საკითხს.

„თავის დროზე სანქციები დაწესებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, რომლის წინააღმდეგაც დღეს კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება და პრეზიდენტი ტრამპიც ამის ერთ-ერთი თანაინიციატორია - თუ რამდენად იაზრებდა მენტალურად პრეზიდენტი ბაიდენი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ის იღებდა. [გამოძიება] ამ სლოგანის ქვეშ მიდის - ვინ მართავდა მის საწერ-კალამს ხელმოწერის დროს. კონგრესს და პრეზიდენტ ტრამპს აქვთ ეჭვი, რომ ბაიდენის ჯანმრთელობის და მენტალური მდგომარეობა შესაძლოა, მას არ აძლევდა საშუალებას, გაეაზრებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. როცა ასეთი რაღაცების აღიარება ხდება, გამოდის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა საკუთარი გაუაზრებელი ქცევით გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, საერთოდ თავად იღებდა გადაწყვეტილებებს თუ იყოს ეს კარნახი და გაუაზრებელი ქცევები.

ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ამ გაუაზრებელი, სხვისი ხელით მართული კალმით ხელმოწერილი სანქციების [მოხსნა] საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მით უფრო მალე შეძლებს საზოგადოება დარწმუნებას, რომ „დიფ სთეითი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სუსტდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის საელჩომ 28 მაისს „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. ივანიშვილის განცხადებით, პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.