[„კვირის პალიტრა“, მერაბ მეტრეველი]
ამ კვირაში ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმი "ესეც ჩვენი მოგებული ომი", რომელმაც საზოგადოების ნაწილში დიდი აგრესია გამოიწვია. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ამბობენ, რომ მათთვის კიდევ უფრო სარწმუნო გახდა ვახტანგ კომახიძის აგენტობა, რომ ის მოღალატეა, ეს ფილმი სწორედ რუსეთის დაკვეთით გადაიღო და ის არც ერთმა ტელევიზიამ არ უნდა გაუშვას.
მე ნამდვილად არ ვიცი, არის თუ არა ვახტანგ კომახიძე ვინმეს აგენტი და არც ამ თემაზე ვაპირებ მსჯელობას. მინდა უშუალოდ ფილმზე ვისაუბრო. თავიდანვე ვიტყვი, რომ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, ეს ფილმი ტელევიზიებმა არ უნდა აჩვენონო. რაღაცის დამალვას და აკრძალვას შედეგი არასდროს მოაქვს, ეს გამოსავალი არ არის. ჩემი აზრით, ეს ფილმი ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა ნახოს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფილმი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, იმ კუთხით, რა კუთხითაც კომახიძემ აგვისტოს ომი გააშუქა, საქართველოში ვიღაცას უნდა გაეშუქებინა. კონფლიქტის დროს არ არსებობს ერთი სიმართლე. ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორია ოსების სიმართლე, თუ გვინდა ოდესმე ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით:
თუ ფიქრობთ, რომ ოსები "მას შემდეგ, რაც გაგვიკეთეს" ამოსაწყვეტი არიან და ისინი ქართველმა ხალხმა უნდა გაანადგუროს (ასე ბევრი ფიქრობს), მაშინ შეგიძლიათ ეს სტატია არ წაიკითხოთ. თუ თქვენ იმას მაინც ფიქრობთ, რომ ყველას და მით უმეტეს, მთელი ხალხის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება, მაშინ კითხვა განაგრძეთ.
ფილმი ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიით იწყება და აქცენტი ქართული მხარის შეცდომებზეა გაკეთებული. ფილმში ოთხი რესპონდენტია: ბორის ჩოჩიევი, უფლებადამცველი ლერა ცხოვრებოვა, რომელიც დედით ქართველია, პაატა ზაქარეიშვილი და ედუარდ შევარდნაძე.
ყველა რესპონდენტი, მათ შორის - პაატა ზაქარეიშვილიც, ძირითადად, ჩვენს შეცდომებზე ლაპარაკობს: რომ შეიძლებოდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება, რომ დავაშავეთ, ოსებს რომ არ მოვუსმინეთ და ვდევნიდით მათ ეთნიკურ ნიადაგზე. ზაქარეიშვილი იხსენებს, როგორ გააგდეს ქარელის ერთ-ერთი სკოლიდან ერთი ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ოსი იყო.
ამ დროს კი ის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ფილმში ლაპარაკია იმაზეც, რომ შეცდომა იყო ერგნეთის ბაზრობის დახურვა. ჩოჩიევის თქმით, ერგნეთის ბაზრობა რომ არც ყოფილიყო, ქართულ მხარეს ის უნდა გამოეგონებინაო. შემდეგ განხილულია სააკაშვილის მცდელობა სანაკოევის მთავრობის ჩამოყალიბებისა და კამპანია "კოკოითი ფანდარასტი". დღეს ამ კამპანიის კადრებს რომ უყურებ, ჩვენი ხელისუფლება ძალიან სასაცილო გეჩვენება.
ფილმის ძირითად ნაწილში აღწერილია უშუალოდ ომის დღეები, ოღონდ მხოლოდ ოსური მხარის მიერ დანახული. ძირითადი მთხრობელი ცხინვალელი უფლებადამცველი ლერა ცხოვრებოვაა, რომელიც გვიამბობს, როგორ დაბომბეს ქართველებმა ქალებითა და ბავშვებით სავსე ცხინვალი, როგორ ნახა ამოწყვეტილი ოსური ოჯახი, საიდანაც მხოლოდ ბაბუა გადარჩა, რომლის წინაც ეწყო დამწვარი გვამები: შვილის, რძლისა და სამი ბავშვის; ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები სახლების სარდაფებში ბრმად ყრიდნენ ხელყუმბარებს და ისროდნენ ტანკებიდან, შემდეგ ნაჩვენებია ქართველი ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული კადრები, როგორ დაქრიან ტანკებით ქალაქის ქუჩებში.
ისმის, როგორ იძლევა მეთაური ბრძანებას: "დაწვით სახლები!",
"აირჩიეთ სახლი, ესროლეთ ერთი-ორი და გზა განაგრძეთ!" და ა. შ. ამ კადრების ფონზე ჰყვება ცხოვრებოვა, როგორ პოულობდნენ ქართველი ჯარისკაცების მიერ აფეთქებულ მანქანებს, რომლებსაც ქართველები ტანკებით ჭყლეტდნენ. ამის გამო მერე ოსებს იმის გარჩევაც კი უჭირდათ, რამდენი კაცი იყო დაღუპული, რადგან ყველა გვამი ერთმანეთში იყო აზელილი. თუმცა, ლერა ცხოვრებოვა იქვე იხსენებს იმ შემთხვევებსაც, როცა ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად იქცეოდნენ.
მაგალითად, ხეთაგუროვოში თურმე მისი ორი ნათესავი ქალი იმალებოდა ერთ სახლში. მისულა ერთი ქართველი ტანკისტი (თურმე თქვენობით ელაპარაკებოდა) და უთქვამს: 15-20 წუთი გაქვთ, რომ აქაურობა დატოვოთ, თორემ ჩვენ უკან სხვა ნაწილი მოდის და მე პასუხს ვერ ვაგებო. ცხოვრებოვა ასევე ჰყვება, როგორ ჩავიდა ერთი ქართველი ჯარისკაცი სახლის სარდაფში, სადაც მხოლოდ ქალები და ბავშვები ყოფილან, ანიშნა, ჩუმად იყავითო და სხვა ჯარისკაცები სარდაფში აღარ ჩაუშვია.
ცხოვრებოვა ამბობს, რომ მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, ოსებს ქართველებმა ისეთი სიმწარე ანახეს, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება წარმოუდგენელიაო. ცხოვრებოვა ჰყვება იმის შესახებაც, თუ როგორ ნახა ორი დღის შემდეგ უპატრონოდ მიყრილი ქართველი ჯარისკაცების გვამები და დამწვარი ქართული სახლები. ამ ყველაფერს თან ახლავს კადრები, სადაც ქართველი ჯარისკაცების გვამები ჩანს.
ფილმის ბოლო ნაწილში, რომელსაც "ომის შედეგები" ჰქვია, ნაჩვენებია ქართველი ტყვეები - ნაცემი ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ქართულად აგინებენ, ამცირებენ; ნახავთ პირტიტველა რეზერვისტს, რომელსაც რუსები მეთაურის გვარის დასახელებას სთხოვენ, ის კი ტირის და განწირული ყვირის, რომ არ იცის. ნახავთ სულისშემძვრელ კადრებს, როგორ აცეკვებენ ქართველ ტყვეებს მიწაზე გაფენილ საქართველოს დროშაზე. ფილმი 12 აგვისტოს თბილისში გამართული მიტინგის კადრებითა და სააკაშვილის გამოსვლით მთავრდება, სადაც ამბობს, რომ ქართველ ერს ვერავინ დაამარცხებს. შემდეგ ჩნდება შავი ფონი და ისმის სააკაშვილის სიცილი.
თუ ამ ფილმს ობიექტურად განვიხილავთ, ის კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან არ არის ნაჩვენები მეორე სიმართლე - ქართველების. არც ოსური ბანდფორმირებებისა და რუსული ჯარის სისასტიკეა ნახსენები, არც დაბომბილი ქართული ქალაქები და გადამწვარი ქართული სოფლები. მაგრამ აქვე უნდა ვიკითხოთ, რა იყო ავტორის მიზანი, როდესაც ამ ფილმს იღებდა? აშკარაა, რომ მისი მიზანი ბალანსისა და ობიექტურობის დაცვა სულაც არ ყოფილა. პაატა ზაქარეიშვილი ფილმში ამბობს: "ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მარტო ის, რა მოხდა ქართულ ქალაქ გორში, არამედ ისიც, რა მოხდა საქართველოს ქალაქ ცხინვალში".
თუ ეს არის ფილმის მიზანი, ანუ თუ ავტორმა გადაწყვიტა, ოსებისა და რუსების სისასტიკეზე ისედაც ბევრი ფილმი და სიუჟეტი გადავიღეთ ქართველებმა და ახლა დროა, ჩვენს შეცდომებზე, დანაშაულსა და სისასტიკეზეც ვილაპარაკოთო და სწორედ ამიტომ გადაიღო ცალმხრივი ფილმი, მაშინ შეიძლება მას ახსნა მოვუძებნოთ. თუმცა პირადად მე ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი ფილმის პათოსს.
ავტორი აშკარად ნიშნს უგებს სააკაშვილს, ფილმის სათაურიც ("ესეც ჩვენი მოგებული ომი") და ფილმის დასასრულიც, სადაც სააკაშვილის სიცილი ისმის, აშკარად ნიშნის მოგების ეფექტს ტოვებს. ასეთი ფილმის მიზანი შეიძლება იყოს ერთი მხარის სიმართლის გარკვევა, მაგრამ ასეთი თემით ვიღაცისთვის ნიშნის მოგება გაუმართლებლად მეჩვენება. ეს არ არის ჟურნალისტის საქმე. და კიდევ ერთი: როდესაც კომახიძე დამცირებულ ქართველ ტყვეებს აჩვენებდა, აუცილებლად უნდა დაეფარა იმ ბიჭების სახეები, მათ ხომ ოჯახები ჰყავთ?!
დასასრულ ვიტყვი: მხოლოდ ამ ფილმის გამო მისი ავტორის მოღალატედ შერაცხვა გაუმართლებლად მეჩვენება. შეგვიძლია ვილაპარაკოთ ფილმის სუსტ მხარეებზე, გავაკრიტიკოთ, მაგრამ ფილმის ცალმხრივობის გამო ადამიანს მოღალატედ ნუ გამოვაცხადებთ. მაშინ ერის მოღალატედ და საქართველოს აგენტად უნდა გამოცხადდეს ანდრეი ნეკრასოვი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომზე "საჩვენო" ფილმი გადაიღო.
თუმცა ჩვენ გვჩვევია, როდესაც რუსი ჟურნალისტი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის და მის მიერ საქართველოში თუ ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულს ამხელს, გმირად ვაცხადებთ, ხოლო, თუ ქართველი ჟურნალისტი შეცდომებზე მიგვითითებს, აგენტი და მოღალატეა.