რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს" ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.
„დიფ სთეითი" მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს" ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იგივეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან 5 და 6 პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-სთან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, იმიტომ, რომ იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან", - განაცხადა პრემიერმა.