საქართველოს პარლამენტი: 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს - შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

საქართველოს პარლამენტი: 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს - შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია საუბარი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარ აქტს“ ეხმიანება. 

პარლამენტის განცხადების მიხედვით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი ხუთდღიანი მცდელობის მოგერიება ისე შეძლო, რომ არც ერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ, როდესაც მოძალადეების ქმედებით, ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

„საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი შეკრების უფლება. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლებამ ისე შეძლო მოეგერიებინა კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი ხუთდღიანი მცდელობა, რომ შეკრებების დაშლისას, არცერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ როცა მოძალადეთა ქმედებით ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი ისტორიის მანძილზე, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.