ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტში გამართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომას ეხმიანება, სადაც ნანა ქადაგიშვილის და მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ექსპერტის შეფასებით, ასეთი მძიმე სურათი იყო 2003-2012 წლებში, ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანებს არ ჰქონდათ დაცვის უფლება, ადამიანის წამება და ბიზნესის ჩამორთმევა ყოველდღე რუტინას წარმოადგენდა.
„საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნაციონალური რეჟიმის მმართველობის დროს, დაზარალებულ კიდევ ერთ ადამიანს, ნანა ქადაგიშვილს მოუსმინეს, რეჟიმმა სამაგალითოდ დასაჯა ნანა ქადაგიშვილი, მისი შვილი არჩილ ქადაგიშვილი და მეუღლე ამირან ქადაგიშვილი, მათ "დანაშაულს" ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე უარის თქმა წარმოადგენდა. ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე გივი თარგამაძემ, ბატონ ამირანს რევოლუციის დაფინანსება მოსთხოვა, მან დაფინანსებაზე უარი მიიღო, რაც ქადაგიშვილების ოჯახზე განხორციელებული რეპრესიების საფუძველი გახლდათ. საგულისხმოა იმ დროინდელ ციხეში არსებული პირობები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, რომელიც პატიმარს ელემენტარულ პირობებს შეუქმნიდა, ციხეში არ იყო პატიმრებისთვის საკმარისი საწოლფონდი, რის გამოც პატიმართა დიდ ნაწილს დღე ღამის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი ეძინა, აღნიშნულს ემატებოდა არაადამიანური მოპყრობა, რაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოიხატებოდა. რეჟიმისთვის ასევე ჩვეული მოვლენა იყო ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როგორც ეს ქალბატონი ნანას შემთხვევაში განხორციელდა, მას გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის სიკვდილით დაემუქრნენ.
ასეთი მძიმე სურათი იყო 2003-2012 წლებში, ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანებს არ ჰქონდათ დაცვის უფლება, (ფორმალობად იყო ქცეული) ადამიანის წამება და ბიზნესის ჩამორთმევა ყოველდღე რუტინას წარმოადგენდა.
სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოების აბუჩად აგდება და თვალებში ნაცრის შეყრა არის!“-წერს დავით ჩიხელიძე.