პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ საპასუხო განცხადების მიღებას წონა ექნება.
როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ერთი პირია, ერთი ადამიანია პრემიერ-მინისტრი კობახიძე, პარლამენტი კი არის ჯგუფი, რომელიც საქართველომ აირჩია.
„ვისაც უნდა, იმან იცის, რომ ეს არჩევნები იყო, შედგა. რაც შეეხება იმას, ასეთი აქტები წონიანი იქნება თუ არა, გახსოვთ იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ რა საჭიროა ასეთი მძაფრი განცხადებები „ოცნების“ მხრიდან. ამით ვძაბავთ ურთიერთობას. ურთიერთობის დაძაბვამ მოიტანა ის, რომ ომში ჩართვის სცენარი გადადებულ იქნა, ხელისუფლების ომით შეცვლის სცენარიც გადადებულ იქნა. ასე ვთქვათ, ამ პრევენციული განცხადებებით „ქართულმა ოცნებამ“ თავის იმდროინდელ მიზანს მიაღწია.
ახლა აღმოჩნდა, რომ მიზანი საბოლოოდ ამოწურული არ არის და ხელისუფლების შეცვლის ამოცანა მაგიდიდან არ მოუშორებია დასავლეთს და დგას ისევ დღის წესრიგში. ამიტომ, პრინციპში იგივე ხერხს ხმარობს ხელისუფლება უკვე ოფიციალური განცხადებების საშუალებით, რაც იხმარა ადრე, რომ მას სურს პრევენცია მოახდინოს მისთვის არასასურველი პროცესებისა და მკაფიო მითითება უნდა გააკეთოს ყველა ტრიბუნიდან, პრემიერის დონიდან დაწყებული პარლამენტის დონით დამთავრებული. ყველა იმ ტრიბუნიდან, რომლიდანაც ხმის მიწვდენა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.