ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარი ქრის. პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და ის შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ. ეს ცვლილება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური განვითარება შეერთებულ შტატებში, მას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მსოფლიო შეიცვალა, თუმცა ევროპა ამას მოუმზადებელი შეხვდა.
„ჩვენ არაფერი ვიცით დანამდვილებით მომავლის შესახებ, მაგრამ გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებში დაიწყო ახალი ერა. ბოლო 80 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით. ამასობაში ჩინეთი სწრაფად ვითარდება, არა მხოლოდ სამრეწველო შესაძლებლობებში, არამედ თავისი ტექნოლოგიების ხარისხშიც. ის ჩვენი კონკურენტია. ინდოეთი ემზადება მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოსვლისთვის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მსოფლიოში არა მხოლოდ მოსახლეობით, არამედ თავისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამბიციებითაც დიდი ძალაა. მის უკან დგას მსოფლიოს უდიდესი ბაზარი და მას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გახდეს ჩინეთთან შესადარებელი ძალაუფლების ცენტრი. როგორია ვითარება აქ, ევროპაში? ევროპა მოუმზადებელია. ეს გამოიყურება ისე, თითქოს ბოლო ათწლეულების პასუხებით გვინდა მომავალი ათწლეულების პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ეს აღარ მუშაობს. მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ, ევროპელები, ამას არ მივყოლილვართ. მე ვიყავი ევროპული საბჭოს წევრი 15 წლის განმავლობაში. მე პირადად გამომიცდია დაკარგული წლები. ქალბატონებო და ბატონებო, თუ ჩვენ უნგრეთს ისე გავუძღვებოდით, როგორც კომისია უძღვება ევროპას, მაშინ ჩვენ გაკოტრებული ვიქნებოდით. დასავლური სტრატეგიები, რომლებიც რუსეთის გატეხას ცდილობდნენ, ჩავარდა. ვერავინ ბედავს აღიარებას, მაგრამ ჩვენ წავაგეთ ეს ომი. რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, სანქციებმა ვერ გამოიღო შედეგი და რუსებმა ხელი შეუშალეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამერიკელებმა, აშშ-მა აღიარა ეს და ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენ, ევროპელები, განვაგრძობთ ომს და ვიქცევით ისე, თითქოს შეგვეძლოს გამარჯვება. იმედი მაქვს, არ ვარ მართალი, მაგრამ დასასრული იქნება ის, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ომით ჩვენს სამეზობლოში, მაშინ როცა ჩვენ მთელ ჩვენს ფულს მიუღწეველ გამარჯვებაზე მივმართავთ“, - განაცხადა ორბანმა.