ოპოზიციის საარჩევნო მარათონში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საარჩევნოდ შეიქმნას კონკურენტული გარემო, რათა პოლიტიკური პროცესები არჩევნების გზით წარიმართოს.
დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ გაკოტრებული ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს იტყვის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონსტრუქციულ მონაწილეობაზე, რადგან რადიკალებს ამომრჩევლის და ქვეყნის მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ.
„მთელი საქართველო, ჩვენი საზოგადოება მართლაც გადაღლილია უაზრო, ხაზს ვუსვამ, უაზრო პოლარიზაციით. ერთი ნატვრა გვაქვს - დაგვიდგეს ის ბედნიერი დღე, როდესაც გვექნება საშუალება კონსტრუქციულ დიალოგში შევიდეთ ოპოზიციასთან. მზად ვართ მოვისმინოთ რა უნდათ ოპონენტებს და მათ კრიტიკას ღია ეთერში ვუპასუხოთ. მაგრამ, მათი მხრიდან კარიკატურულ დონეზე მიმდინარეობს მზადება ოქტომბრის არჩევნებისთვის (საუბრობენ ტელეფონით, ფაქსით ან პეიჯერით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე) და კონსტრუქტივიზმი არ ჩანს. მათ მიეცათ საშუალება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, 2012 წლის შემდეგ, მეათედ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და გარკვეული შედეგი დადონ. რაც მთავარია, ისინი ამ შედეგს დებენ, მაგრამ არც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აქვთ ვალდებულება, პატივისცემა და არც ქვეყნის წინაშე.
უსამშობლოებს როდესაც ეძახიან, მათ ეს სწყინთ. რატომ უნდა ეწყინოთ, როდესაც ეს თავად აიკერეს იარლიყივით და წლების განმავლობაში ატარებენ მას. ოპოზიციას კიდევ ერთი შანსი ეძლევა - პორტალი საშემოდგომო არჩევნებისთვის კვლავ ღიაა ყველასთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი ე.წ. ოპოზიციიდან კვლავ უარს იტყვის ამ შემოთავაზებულ შესაძლებლობაზე. ჩვენ რა, უნდა ვეხვეწოთ? არავისთან გვაქვს შესახვეწი, იმიტომ, რომ ფინანსების, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნის კუთხით, ყველაფერი კეთდება, რომ ყველას, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, მიიღოს მონაწილეობა მის აღმშენებლობაში - იქნება ეს პოზიცია, თუ ოპოზიცია," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.