პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე“ განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე“ განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე" განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.
კომისიას ახსნა-განმარტება  „ნავთლუღის სპეცოპერაციის" დროს მოკლული  ახალგაზრდების მშობლებმა მისცეს.
მიხეილ ართმელაძის განცხადებით, 2006 წლის 12 იანვარს, დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, გაფრთხილების გარეშე ჩაცხრილეს სამი უდანაშაულო ახალგაზრდა: მისი შვილი მარად ართმელიძე,  რომან სურმანიძე და შოთა (მურად) გორგაძე.
როგორც მან აღნიშნა,  დათა ახალაიამ მოკლული ახალგაზრდების მიმართულებით საკონტროლო გასროლაც განახორციელა.
მიხეილ ართმელაძის თქმით, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა საკუთარი ქმედების გასამართლებლად მიცვალებულებს ავტომატები დაულაგეს, ტერორისტობა დააბრალეს და განაცხადეს, თითქოს, ისინი ორმხრივი სროლის შედეგად  იყვნენ მოკლული.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამივე ახალგაზრდას ბრალად რუსთავის ციხეზე თავდასხმის მცდელობა ედებოდა.
მიხეილ ართმელაძის შეფასებით,  ახალგაზრდების დახვრეტა  სხვათა დაშინების მიზნით განხორციელდა და  მომხდარის შესახებ მას ხმის ამოღებას უკრძალავდნენ.
მისივე თქმით, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიენიჭა მას დაზარალებულის სტატუსი და სამივე ინსტანციის სასამართლომ  გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდა.
მიხეილ ართმელაძის განცხადებით, შვილის გარდაცვალება მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ,  ასევე, გამოკითხა ოთარ სურმანიძე, „ნავთლუღის სპეცოპერაციის" დროს მოკლული რომან სურმანიძის მამა.
ოთარ სურმანიძის განცხადებით, პატიმრებზე ზეწოლის მიზნით, უდანაშაულო ახალგაზრდებს ტერორისტობა დააბრალეს და ჩაცხრილეს.
როგორც მან აღნიშნა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საქმეში გარკვევის მიზნით, პოლიციაში განცხადების შეტანა დააპირა, თუმცა  სხვა შვილების სიცოცხლის მოსპობის  მუქარა მიიღო.
როგორც ოთარ სურმანიძემ აღნიშნა, ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა ერთ შვილთან ერთად საქართველო დაეტოვებინა და თურქეთისთვის შეეფარებინა თავი. მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.
როგორც დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, „ნავთლუღის სპეცოპერაციის" მოკლული ახალგაზრდების საქმე კომისიის დასკვნაში აისახება.
„მინდა სრული რწმენა იქონიოთ, რომ ეს საქმე და თქვენი შვილების სიმართლე  ჩვენს დასკვნაში სათანადოდ აისახება და საფუძვლად დაედება „ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ის, რაც დაემატება იმ სამართლებრივ პროცედურებს, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თქვენთან ერთად შეძლო - სამი ინსტანციის განაჩენი დამდგარია და  თქვენი შვილების სიმართლე დადასტურებულია. რა თქმა უნდა, ეს ვერ აანაზღაურებს იმ აუნაზღაურებელ ტკივილს და ზიანს, რაც მოგადგათ, მაგრამ ელემენტარულია, რომ გარდაცვლილი ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს იმ იარლიყით, რომელიც მას დამნაშავეებმა მიაკრეს. ეს ოჯახის ღირსებისთვის, გვარისთვის, აჭარისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის, იმ დიდი საქმისთვის, რომელიც თქვენ, თქვენს წინაპრებს, თქვენს ოჯახს, გვარს ჩვენი სამშობლოსთვის - საქართველოსთვის აჭარიდან გიკეთებიათ. იმიტომ, რომ ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს საქართველო, მითუმეტეს, ძლიერი საქართველო. 
შესაბამისად, „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ აჭარას, მათ შორის, მთიან აჭარას მოვუფრთხილდეთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საჯარო ფორმატში მოსმენის დასრულების შემდეგ, კომისიამ რამდენიმე საკითხი  სამუშაო რეჟიმში განიხილა.