„ნავთლუღის სპეცოპერაციისას!“ მოკლული რომან სურმანიძის მამა გიორგი დგებუაძეზე („მასტერაზე“): უბრალო ბოდიში მოვითხოვე და ისიც არ მომიხადა სასამართლოზე

„ნავთლუღის სპეცოპერაციისას!“ მოკლული რომან სურმანიძის მამა გიორგი დგებუაძეზე („მასტერაზე“): უბრალო ბოდიში მოვითხოვე და ისიც არ მომიხადა სასამართლოზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე განიხილება, სადაც მოკლული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის - რომან სურმანიძის მამას, ოთარ სურმანიძეს უსმენენ.

ოთარ სურმანიძის განცხადებით, მან, საქმეზე მსჯავრდებულ ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“, სასამართლოზე ბოდიშის მოხდა სთხოვა და ესეც კი ვერ მიიღო.

„მანქანა რომ მანქანას დაეჯახება და შემთხვევით ადამიანი გარდაიცვლება, ამ მანქანის პატრონი თუ არა, მისი ვინმე მოვა და მოუსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და რაიმე შეღავათსაც გაუკეთებს. ამათგან, უბრალო ბოდიში მოვითხოვე და ისიც არ მომიხადა კაცმა სასამართლოზე. მე ვთხოვე [გიორგი დგებუაძეს] ბოდიში და არაფერი არ მიპასუხა“, - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან, დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების თანახმად, გიორგი დგებუაძემ, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული რომან სურმანიძის მისამართით საკონტროლო გასროლა განახორციელა.