აფრასიძეებზე ამბობენ, რომ რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა.
„რა არის ეგრეთ წოდებული კომისია? დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო, არ გამოუვიდათ არაფერი, რადგან ეს ჰააგაა და არა სასამართლო კლანი. ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ასე შემდეგ. აფრასიძეებზე ჩაატარეს მოსმენები, მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანებს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ აფრასიძეებზე ახლა ამბობენ, თურმე ისინი რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ეს არ არის კომისია, ეს არის კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების, პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს წარმატებისა და საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება.
„ხედავთ, ხალხო, როგორ დაგცინიან, მაინც არაფერი გამოუვათ. გასაგებია, მე რასაც მიკეთებენ. მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ აბსურდულ ბრალდებას მიყენებთ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის მე მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.