ჩინეთი აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას იკვლევს. ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის კომერციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჩინეთის კომერციის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, „აშშ-მა ცოტა ხნის წინ ჩინეთს შესაბამისი წყაროებით რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა და მოლაპარაკებების დაწყების იმედს გამოთქვამს. ჩინეთი ამის შეფასებით არის დაკავებული“.
როგორც CNN-ი იუწყება, ჩინეთის ეს კომენტარი ოფიციალური პეკინის პოზიციის შერბილებაზე მიუთითებს. მანამდე ჩინეთი უფრო ხისტი იყო.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სავაჭრო შეთანხმება გააფორმოს. ჩინეთი ტრამპის ამ განცხადებებს ყოველ ჯერზე უარყოფდა.
„სატარიფო და სავაჭრო ომი აშშ-ის მიერ ცალმხრივად იყო ინიციირებული, და თუ მათ მოლაპარაკებების წარმოება სურთ, საუბრისადმი ერთგულების დემონსტრირება უნდა მოახდინონ, მათ შორის დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწორონ და ცალმხრივად დაწესებული ტარიფები გააუქმონ“, - აღნიშნა ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენელმა. „ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული რჩება: თუ ეს ომია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ხოლო თუ მოლაპარაკებებია, კარი ღიაა“.
მანამდე, როგორც ტელეარხი იუწყება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტარიფებმა ჩინეთის ეკონომიკა დააზარალა, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად პეკინს მოლაპარაკებები სურს. „ჩინელები მოგვმართავენ, მათ შეხვედრა, მოლაპარაკებები სურთ“, - თქვა რუბიომ.