2004 წელს ვარდებით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა გადაგვეცა მწერალთა კავშირის შენობა. ეს ის პერიოდია, როცა ახალი მოსული იყო ხელისუფლება და ყველაფერი იყიდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა მაყვალა გონაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„ასეთი პერიოდი იყო, რომ ყველაფერს ართმევდნენ. ბათუმში შენობა გაიყიდა და ლტოლვილები გამოყარეს. ეს განადგურებული ადამიანები იმდენად გამწარდნენ, რომ აფხაზეთისკენ გაემართნენ. მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მათ მოღალატეები უწოდა. მე მწარე წერილი დავწერე ხელისუფლების მიმართ და ვუთხარი, რომ ეს ადამიანები მოღალატეები კი არა თქვენ გამო უბედურნი არიან.
იმ დროს პირველი იყო ქონებისთვის ბრძოლა, მეორე იყო იმ მწერლების დაშინება, რომლებიც არ დახვდნენ ვარდებით „ვარდების რევოლუციას“ და ვფიქრობ, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მწერალი თუ ეროვნული ნიადაგებიდან გადაუხვევს, ადვილია ერის მენტალიტეტისა და ხასიათის შეცვლა“, - აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.