სოზარ სუბარი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს

სოზარ სუბარი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს

აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, ასეთი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოებაში შიშის დანერგვას.

„მურადი გორგოძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ ავტომატიდან მიუშვა ტყვია, საკონტროლო გასროლა. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ადამიანებზე, რომლებზეც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ოდესმე რაიმე დანაშაულში მონაწილეობა მიუღიათ“, - აღნიშნა სუბარმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.

2006 წლის 12 იანვრის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდა სამი საკონტროლო გასროლით მოკლეს. სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ.

ახალი ხელისუფლების პირობებში კი, 2017 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ამავე საქმეზე გიორგი დგებუაძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის

დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი დგებუაძეს კი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება. მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით.