ევროპის სტანდარტთან, ევროპის სულისკვეთებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის არა მარტო ევროკავშირის შიგნით, არამედ მის გარეთაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი ამ კომენტარით გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ რეზოლუციას.
„ნაცმოძრაობა - ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი შემადგენელი მცირე სეგმენტი რომ გახდეს საქართველოში მმართველი ძალა, ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურებიან კონკრეტული პირები. მათთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას წარმოადგენს დღეს ხელისუფლება, რა მდგომარეობაა საქართველოში, რა გამოწვევებია ჩვენ წინაშე. მათ უნდათ დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციისათვის აკეთებენ ყველაფერს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მორიგ რეზოლუციაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნოს.