ვანო ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა და მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.
„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. პირველი მცდელობა იყო, როდესაც ჩვენ დაგვჩაგრეს 2022 წელს და არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირით ადრე მას ბრიუსელში ანალოგიური ტიპის წერილი ჰქონდა მიწერილი, შემდეგ ეს უკვე გაგრძელდა იმ ჰელსინკის სამარცხვინო კომისიაზე, რომელიც შალვა ნათელაშვილის წერილით გაიხსნა. გრძელდება მისი მხრიდან ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორი, მდიდარი ენჯეოსექტორი, კოლექტიური გიგაურები, კოლექტიური ლომჯარიები ჩართულები არიან, რადიკალური ოპოზიციაა ჩართული. ისინი ეხვეწებიან ბრიუსელის ბიუროკრატებს, რომ რამენაირად იქნება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს საქართველოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სახელისუფლებო გუნდს სოროსის ფონდის სტაჟიანი თანამშრომლის ვანო ჩხიკვაძის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ უკვირს. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მსგავსი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების შესახებ.