ირაკლი ზარქუა: არაერთი სანქცია ყოფილა, ისევე როგორც რეზოლუცია და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ყველგან სამართლიანობა გაიმარჯვებს

ირაკლი ზარქუა: არაერთი სანქცია ყოფილა, ისევე როგორც რეზოლუცია და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ყველგან სამართლიანობა გაიმარჯვებს

თურმე ვიღაცის უფლებები შეილახა. კონკრეტულად თქვი ვისი - გვარი, სახელი; ფაქტი ხომ უნდა თქვა, ხომ უნდა დააფიქსირო სად შეილახა? არ აინტერესებთ, იმიტომ რომ, საფუძველი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ასეთ სანქციებსა თუ რეზოლუციებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„არგუმენტები არ აქვთ და შემდეგ არის გარკვეული ჯგუფები, ლობისტური ორგანიზაციები, ვისაც ინტერესი აქვთ, რომ აქ აგენტურა დასვან. არაერთი სანქცია ყოფილა, ისევე როგორც რეზოლუცია და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ იქაც და ყველგან სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზარქუამ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.

ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სანქცირების საფუძვლად მითითებულია, რომ ეს პირები პასუხისმგებლები არიან, ან იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.