პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ 3+3 ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის განხილვა თავისუფლად შეიძლება.
„3+3 ფორმატი არის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, ვფიქრობ, ნებისმიერი დიალოგის ფორმატში მონაწილეობა სასარგებლოა, ამაში თავისუფლად შეიძლება განვიხილოთ მონაწილეობა. იქ არის პირველი სამეული - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მეორე სამეულია უშუალოდ დიდი მეზობლები: რუსეთი, ირანი და თურქეთი. ირანმა და თურქეთმა, უკრაინის ომის ფონზე საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირეს და შეთანხმდნენ, რომ არ დაუშვან სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის არევა.
პირველი, რაც უნდა გაკეთდეს - პირველმა სამეულმა ერთმანეთში უნდა გაარკვიოს რეგიონის ბედი. მე მომხრე ვარ ზომიერი ეკონომიკური ინტეგრაციის, სამხრეთ კავკასიის სამეულის მომხრე. ეს არის ევროკავშირის მოდელი, მაგრამ არა ისეთი, ღრმა ინტეგრაციით და არა ბრიუსელის კომისრებით. ეს არის ერთიანი ენერგეტიკული სისტემა, შრომის საერთაშორისო ჭკვიანური დანაწილება რეგიონში, უამრავი პლუსია, ოღონდ ეს არ უნდა დაემსგავსოს აღრევას, მიგრაციის კონტროლის გარეშე. მთავარი - დაიზღვეს რისკები, ნებისმიერი კორპორაცია, ბიზნესი თუ სხვა რეზიდენტს, ანუ საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს საკონტროლო პაკეტს და ისევე აზერბაიჯანში - ამ გზით უნდა ვიაროთ“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
ირაკლი გოგავამ გადაცემაში საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „ქართული პოზიცია არის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზება შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარების გარეშე, ეს არის ფაქტი, აქედან ამოვდივართ ვინც არ უნდა იყოს პოლიტიკაში. ვერცერთი პოლიტიკოსი სხვანაირად ვერ მოიქცევა, რადგან ხალხი უბრალოდ მას წალეკავს“.