ირაკლი ქადაგიშვილი: იზრდება ინტერპელაციების რიცხვი - მკვიდრდება ევროპული პარლამენტების პრაქტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იზრდება ინტერპელაციების რიცხვი - მკვიდრდება ევროპული პარლამენტების პრაქტიკა

პარლამენტის ახალ რეგლამენტს განიხილავენ დღეს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე. მმართველმა გუნდმა ცვლილება რამდენიმე დღის წინ დააინიცირა. ახალი პროექტით, ორმაგდება სხვადასხვა ანგარიშვალდებულ პირთა ინტერპელაციების რაოდენობა - შესაბამისად, დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი".

ახალი რეგლამენტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ერთიანი წლიური ანგარიშის შემოღებას, რომელიც შემუშავდება პარლამენტის სპიკერისა და კომიტეტების ერთობლივი მუშაობით.

პროექტის ავტორების განმარტებით, ახალ რეგლამენტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით დაახლოებით მსგავსი პრაქტიკა მკვიდრდება, როგორიც ევროპაშია მიღებული.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა საზოგადოებისთვის, გახლავთ ის, რომ იზრდება ინტერპელაციების რიცხვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სასესიო კვირაში, საშუალება ჩნდება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხისათვის მოწვეული იყოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და სხვა ანგარიშვალდებული პირები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. უქმდება მინისტრის საათი, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ასე რომ ახლა დაახლოებით იგივე პრაქტიკა მკვიდრდება, რასაც ჩვენ ევროპულ პარლამენტებში ვუყურებთ-ხოლმე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.