ფაშისტური კამპანიები გარედან წახალისებული და დაფინანსებულია, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინდელ ინციდეტნს.
სოციალურ ქსელში გუშინ ვატო შაქარიშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. ჟურნალისტი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი მამნიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამასთან, როგორც ინციდენტთან დაკავშირებით მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, გოგა ხაინდრავასთან ერთად ქაშუეთიდან გამოვიდა, რა დროსაც ტელეფონმომარჯვებული მამნიაშვილი მათთან მივიდა და „მონის“ ძახილი დაუწყო.
„გუშინ, დილით სოციალურ ქსელში სტატუსი მქონდა, რომელიც გერმანიის საელჩოს ერთ-ერთ განცხადებას ეხებოდა. იქაც აღვნიშნე, რომ ფაშისტური კამპანიები გარედან წახალისებული და დაფინანსებულია. რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ამ ფაშისტური კამპანიის გამოვლინება მოხდა, როცა ადამიანი პროვოკაციულად მივიდა და ღირსების შემლახველი თავდასხმა დაიწყო. ზუსტად ეს არის, რაც წახალისებულია ზოგიერთი საელჩოსა და დონორის მხრიდან. ამას უკრავენ ტაშს, ასე უნდათ, რომ ჩვენი საზოგადოება გახლიჩონ. ეს არის განზრახვა, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ და საზოგადოებაში მუდმივი შფოთი იყოს. ვერცერთ საელჩოს ვერ ნახავთ, რომელიც ამას დაგმობს, რადგან ამ კამპანიის უკან ზუსტადაც ზოგიერთი საელჩო დგას. მათ მიერ დაქირავებული ადამიანები „მონა-მონა“ და „რუსი-რუსი“ კამპანიას აწარმოებენ. ეს არის ქართულ საზოგადოებაზე ჩვეულებრივი ჰიბრიდული თავდასხმა ზოგიერთი დიპლომატისა და დონორის მხრიდან, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ, უკვეთავენ და აქეზებენ ამ ღირსების შემლახავ კამპანიას. გერმანიის საელჩოს განცხადება იყო, რომლითაც, ფაქტობრივად, ისინი ამბობდნენ, რომ ვენის კონვენციას არ აღიარებენ და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევიან იმიტომ, რომ რატომღაც გერმანიის საელჩო ფიქრობს და საკუთარ კონსტიტუციაზე მიუთითებს, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი მსოფლიოში ღირსების დაცვაზე. სად ხედავენ ღირსებას, როცა ადამიანების მიმართ ასეთი ეპითეტებით მიმართვა ხდება? ეს წაქეზებულია ზუსტად იმ წაყრუებით ან პირდაპირი შეკვეთით, რაც სხვადასხვა უცხოური ფონდიდან მოდის ორგანიზაციების მიმართ. ყველას შევახსენებ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან „მოლოტოვის კოქტეილს“ აფინანსებდნენ. ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან „მონა.ჯი“-ს კამპანიას აფინანსებდნენ. ასე რომ, პრობლემა არის არა იმ ადამიანში, ვინც სხვებს თავს დაესხა ღირსების შემლახველი და ზიზღის კამპანიით, არამედ პრობლემაა მათში, ვინც ამ ადამიანს აფინანსებს და აქეზებს. ვინ აფინანსებთ და ვინ აქეზებთ, სამწუხაროდ, ამას სხვადასხვა უცხოელი აქტორის მხრიდან ყოველდღე ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.