ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენს რეგიონშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვიზიტით იმყოფება.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო.
„დღეს უკვე ორმხრივი შეხვედრები დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ ასამბლეის ფარგლებში, ურთიერთობის შესაძლებლობა 130 ქვეყნის წარმომადგენელთან გვაქვს, ასევე ორმხრივი შეხვედრების საშუალება გვაქვს. დღეს, შეხვედრა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენს რეგიონშია. იმ სიტუაციაზე ვისაუბრეთ, რომელიც ისრაელში, ღაზაშია. ამ მხრივ, ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობთ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ გატაცებული ადამიანები სახლში და ის კონფლიქტი მალე დასრულდეს, რომელიც არსებობს.
ისრაელის პარლამენტის სპიკერმა საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა ამ საკითხებზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერის ფონზე, რომ ამ საკითხების გადაჭრა შესაძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, მთლიანად რეგიონზე ვისაუბრეთ, უკრაინაში მიმდინარე ომზე. იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ამ უსაფრთხოების გარემოს საქართველოზე და რამდენად მნიშვნელოვანია – საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა იმისთვის, რომ უსაფრთხოების საკითხები იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ასევე ვისაუბრეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაზე და ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, ვისთანაც როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენ ვიზიარებთ იმ ხედვებს, რაც ეხება, როგორც ღირებულებით საკითხებს, ისევე, როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენ იმ საკითხებზე ვსაუბრობდით, რაზეც დღეს ახალი ადმინისტრაცია არა მხოლოდ საუბრობს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს გარკვეული მავნე ინსტრუმენტების თუ ინსტიტუტების შეცვლის მხრივ. ამ თვალსაზრისითაც ისრაელის პარლამენტის სპიკერთან საუბარი მქონდა, რომ ორივე ქვეყანას მსგავსი გამოცდილება და მსგავსი კმაყოფილება გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულების მხრივ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები შეიცვალა და ამას ხედავს, როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.