შვეიცარულ კომპანიასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
მისი თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს.
„ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც დაგვატყდა თავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები. ასევე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცენდენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება, შვეიცარულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას", - განაცხადა პრემიერმა.