ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლებოდა მეორეს. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში წინასწარმეტყველებს ხოსე ორტეგა-ი-გასსეტი პოლიტიკურად გაერთიანებულ ევროპას, როგორც მსოფლიო ისტორიული მისიის მატარებელს, -  ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა, კონსერვატიულ პორტალ geo-first.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი აპრიორი სიკეთეს არ ნიშნავს, სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მასში გაწევრიანების შესახებ კრიტიკული განხილვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. 

"ევროკავშირი შეიძლება დეგრადირდეს, როგორც ორგანიზაცია, კორუფციის შედეგად და დეგრადაციამ ის საბოლოოდ დაშლამდეც მიიყვანოს. ასევე, ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუროკრატია შეიძლება არ აღმოჩნდეს სახარბიელო კონკრეტული ქვეყნებისათვის და მათ არ მიიღონ ევროკავშირი, როგორც იმთავითვე სიკეთე, ამიტომ არ შევიდნენ შიგნით, ან გავიდნენ კიდეც მისგან, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. რადგან ევროკავშირი აპრიორი სიკეთე არაა, აქედან გამომდინარე, აპრიორი სიბრიყვეა ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანის კრიტიკული განხილვის მიღმა დაყენება: ყველა ასეთი, ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი და ქვეყნისთვის არსებითი გადაწყვეტილების თუ ამოცანის დასახვა, უნდა ეყრდნობოდეს ფართო კრიტიკულ განხილვას და ეროვნული არჩევანი სწორედ ასეთ ყოველმხრივ განხილვა-აწონ-დაწონას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში „ევროკავშირში გაერთიანების“ მუხლის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებას ჯერჯერობით მხარს ვუჭერ, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არის განხილვის შესაძლებლობისთვის თავში ჩაქუჩის ჩარტყმა, რაც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის, რაზეც საქართველოს არცთუ უსაფუძვლოდ პრეტენზია აქვს, მიუღებელი უნდა იყოს." -  აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა. 

მისივე განცხადებით, ევროპას, როგორც იდეასა და მსოფლმედველობრივ ფენომენს, ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება უნდა ადამიანს. აქვე, გიგინეიშვილი აკონკრეტებს, რომ ევროპა, სოციო-კულტურული კუთხით, არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, პროგრესი, კრიტიკული აზროვნების და განხილვის შესაძლებლობა. 

"რაც შეეხება ევროპას, როგორც იდეას და სოციო-კულტურულ თუ მსოფლმხედველობრივ ფენომენს, მე ვფიქრობ მას ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება გინდა: ევროპა − ესაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, უნივერსიტეტები და განათლების სისტემური უწყვეტობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, მსჯელობის სივრცის ღიაობა და კრიტიკული აზროვნებისა და განხილვის შესაძლებლობა; ესაა ბახი და მოცარტი, რენესანსი და განმანათლებლობა, ანუ ისეთი სულიერი ფენომენები, რომლებიც ისტორიაში მოხვდნენ და შეუქცევადები არიან, არა მხოლოდ გეოგრაფიული ევროპისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; რაც ილიამ თქვა ეროვნულზე („არაფერ ეროვნულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არისო“), შეგვიძლია ევროპულზეც ვთქვათ: „არაფერ ევროპულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არის“, ხოლო ის ფენომენები, რომლებიც ზემოთ დავასახელე, სწორედაც რომ ზოგადკაცობრიულად ფასეულია." - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

მარბიელი აგაშენა ღმერთმა! ევროპა როგორც კულტურული და სულიერი ფენომენი სხვაა და კორუფციით სავსე ევროკავშირი თავისი კალასით, როტით და რასათი სულ სხვა! ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ვემიჯნებით ევროსიმახინჯეს!
13 საათის უკან