ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში რჩება პრობლემებად ჩვენს ურთიერთობაში.
"ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯების მიზანია დაძაბულობის შემცირება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში რჩება პრობლემებად ჩვენს ურთიერთობაში. ჩემმა ქვეყანამ აირჩია საქართველოს გზა, რაც ქვეყნის ევროპიზაციას გულისხმობს. საქართველო გვინდა შევცვალოთ უკეთესი მიმართულებით, ვინაიდან ჩემი ხალხი ამას იმსახურებს. ეს არის დამოუკიდებელი ერის არჩევანი. ეს არის სწორი არჩევანი. ვფიქრობ, 3-4 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაინახავენ განსხვავებას, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ და როგორ ცხოვრობენ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ. ჩვენ მათ ვთავაზობთ თავისუფლებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მსოფლიოში ყველა ერს სჭირდება", - გააცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია და მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. რუსეთის მიერ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შეფასების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვები სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამომავლო სტრატეგიასა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ დაუსვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანია, ყველაზე დიდი გამოწვევა კი, ეკონომიკა და უმუშევრობაა. რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას, ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა კოლუმბიის უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოება, რომ პროცესის გამჭვირვალობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გარანტირებულია, ხოლო ვის დააპატიმრებენ და ვის - არა, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გადასაწყვეტია.