გამოყენებითი ისტორია (წერილი პირველი)

გამოყენებითი ისტორია (წერილი პირველი)

ჯერ კიდევ ბერნარდ შოუ წერდა: “ისტორიის გაკვეთილები პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანები ვერ იღებენ ისტორიიდან გაკვეთილებს”, რაშიც, ალბათ, ძნელია არ დაეთანხმო. თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისტორიიდან “რაიმეს“ სწავლება რომ შეიძლებოდეს, კაცობრიობისთვის ჭკუის სასწავლებლად განა ერთი მსოფლიო ომი არ იყო საკმარისი, კვლავაც რომ არ განმეორებულიყო, ისიც სულ რამოდენიმე წელიწადში? იგივე ითქმის მრავალჯერ მომხდარ რევოლუციებზე, დაუსრულებელ ომებზე და ა.შ.

თუ დაწერილი ისტორია მკითხველს ვერაფერს ასწავლის, ეს ან წიგნის, ან მკითხველის პრობლემაა. ისტორია არ ასწავლის მათ, ვისაც არ უნდა რაიმეს დანახვა. ეს “დაუნახაობა“ ანუ სიბრმავე კი ძვირად უჯდება საზოგადოებას.

როგორია ისტორიის ხასიათი? - კანონზომიერი თუ შემთხვევითი, აუცილებელ-ლოგიკური თუ ალოგიკური? ესეც მუდმივი ძიების საგანია. იქნებ, ისტორიის მსვლელობას რაღაც შინაგანი ზოგადი კანონები განაგებს?

კაცობრიობის, როგორც თანადროულობის ისე მომავლის პრობლემებისადმი ინტერესი ყოველთვის არსებობდა, გამონაკლისი არც ჩვენი დროა. ერთია იღებდე ცოდნას, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია აქტიურად მონაწილეობდე სამყაროს გარდაქმნაში. ვინაიდან საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა და აქვს უფრო პრაქტიკული დავალება ისტორიკოსებისათვის: თაობების გამოცდილების ანალიზი იმ სახით, რომ მის ხელში იყოს მოქმედი ინსტრუმენტები კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად.

ოცნებას შეწირულნი - ტრაგედია ძეგამში

1. საქართველო ტექტონიკური ძვრების შემდეგ

საბედისწერო აღმოჩნდა საქართველოსთვის XV საუკუნე. 1453 წელს ქრისტიანული ბიზანტიის დაცემა და კაცობრიობის უდიდესი ნიშანსვეტი - დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, აღმოსავლეთის კულტურული სამყაროსათვის ერთსა და იმავე დროს უდიდესი უბედურების დასაწყისადაც იქცა. არც ერთ მათგანს პირდაპირი კავშირი არ ჰქონია საქართველოს ისტორიასთან, თუმცა არაფერს არ მოუხდენია ისეთი გავლენა ჩვენს ბედზე, როგორიც ამ ორმა უკანასკნელმა გარემოებამ მოახდინა.

საქართველოსთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ერთი მხრივ, შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობით, მეორე მხრივ, საგარეო ფაქტორებით. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან დაგვიმეზობლდა ოსმალეთი, რომელმაც შავი ზღვის მთელი ზოლი დაიკავა, შეაღწია აფხაზეთში, ტაო-კლარჯეთში, მოახერხა მესხეთის დაპყრობა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებისათვის ბრძოლა დაიწყო.

XVI საუკუნის დასაწყისში სამხრეთის მიმართულებით გაჩნდა მეორე არანაკლებ ძლიერი მტერი - სეფიანთა ირანი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ოსმალეთს და ასევე ცდილობდა ჩვენი ქვეყნის დაუფლებას. საქართველო მაშინ დაყოფილი იყო - ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად და გურიისა და ოდიშის სამთავროებად. ძნელი სათქმელია, ეს დაქსაქსულობა აქვეითებდა თუ პირიქით, როგორც „მრავალი საქართველოები”, ხელს უწყობდა და აძლიერებდა დამპყრობთათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. მაგალითად: სანამ ქართლი მთლიანად დაპყრობილი არ იყო, კახეთის მიმართ დამპყრობლები ლოიალობას იჩენდნენ, რათა კახეთშიც არ გაჩენილიყო წინააღმდეგობის ისეთივე კერა, როგორიც ქართლში იყო. ეს კი, თუნდაც დროის მოგების და უკეთ მომზადების მიზნით, სულის მოთქმის საშუალებას აძლევდა დანარჩენ „საქართველოებს.“

იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე გვეხმარებოდა თავის გადარჩენაში: 1555 წელს დადებული ამასიის ზავით, ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხეს დასავლეთი ნაწილი ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა, ქართლ-კახეთი და სამცხეს აღმოსავლეთი ნაწილი - ირანის. ქვეყნისთვის მდგომარეობა აუტანელი ხდებოდა, თუ ეს ორი დამპყრობელი, თუნდაც დროებით მიღწეულს დასჯერდებოდა და მათ შორის მშვიდობა დაისადგურებდა. ერთადერთი, რაც ქართველ მეფეებს პოლიტიკური ლავირების საშუალებას აძლევდა, ეს იყო თავად ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგობა. ჩვენი მეფეები ამაზე აგებდნენ თავიანთ პოლიტიკას - ხან ირანს უჭერდნენ მხარს და ამ გზით ოსმალეთს იგერიებდნენ, ხან - პირიქით.

ასეთი პოლიტიკის გატარების დიდოსტატები ტრადიციულად კახეთის მეფეები იყვნენ, რომელთა შორის გამორჩეული მაინც ალექსანდრე მეორე გახლდათ. ის იყო როგორც ირანის, ასევე ოსმალეთის აღიარებული ვასალი. მან უმცროსი ვაჟი ბატონიშვილი კონსტანტინე (შემდეგში კონსტანტინე-მირზა) 7 წლის ბავშვი მძევლად გაგზავნა ირანში, ხოლო მეორე შვილი ერეკლე - ოსმალეთში.

თანამედროვე ავტორები და მათ შორის ცნობილი ირანელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერენ, რომ ალექსანდრე მეორე იყო ძალიან ცბიერი, გამჭრიახი, მჭევრმეტყველი და ბრძენი. ის თავისი დიპლომატიური საქმიანობით მართლაც აღწევდა შედეგს. მაგალითად, ოსმალთა ერთ-ერთი უზარმაზარი ლაშქრობის დროს, რომელსაც სათავეში მუსტაფა ლალა ფაშა ედგა, ალექსანდრე მეორემ უბრძოლველად მოახერხა ქვეყანა დარბევისაგან გადაერჩინა. ის ოსმალთა ლაშქრის მეთაურს სართიჭალაში შეხვდა, მათ ქვეშევრდომობაში შევიდა და ხარკი იკისრა, რომელიც მინიმალური იყო: აბრეშუმის მცირე გადასახადი და მონადირებული ფრინველები. ამის ფასად მან მიიღო ის, რომ ქვეყანა არ დაარბიეს და გარკვეული სარგებელიც ნახა - ოსმალებს თავისი მტრის შირვანის წინააღმდეგ საბრძოლველად მისცა გზა.

ამასობაში კი დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო დახმარების მისაღებად ეძებდა სხვა გზებსაც. ქვეყნის მესვეურებმა მრავალჯერ სცადეს მიეღოთ ის დასავლეთის ქვეყნებისაგან, მაგრამ ეს დახმარება სიტყვიერი მხარდაჭერის გარდა, საქმით არ ჩანდა.

2. ევროპელთა დახმარების მოლოდინში

დედამიწის მეორე ნახევარსფეროს დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენამ, ინდოეთისკენ მიმავალმა ახალი გზის გაჭრამ ევროპას სულ სხვა მიზნები და ამოცანები დაუსახა. შესაბამისად ინტერესიც აღმოსავლეთის სამყაროს მიმართ სულ უფრო და უფრო კლებულობდა. ამაოდ ირჯებოდნენ ქართველი მეფენი არაერთი მისიის გაგზავნით ევროპის ქვეყნებში დახმარების სათხოვნელად: ევროპელებთან ერთად განეახლებინათ მივიწყებული ჯვაროსნული ომები, რათა ეხსნათ ქრისტიანული აღმოსავლეთი მაჰმადიანთა მძლავრობისაგან, მაგრამ უშედეგოდ.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 255 წლით ადრე, სანამ სულხან საბა ჩავიდოდა რომში, 1460 წელს პაპს, პიუს II-ს საქართველოდან ჩასული ელჩობა წარუდგა. პაპს მათთვის არ დაუმალავს, რომ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებმა სრული უყურადღებობა გამოიჩინეს ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის იდეისადმი. მან ელჩებს ურჩია პირადად წვეოდნენ საფრანგეთის მეფეს მხარდაჭერის სათხოვნელად.

1461 წლის მაისში საფრანგეთის მეფის შარლ VII-ის წინაშე წარსდგნენ ელჩები და მოახსენეს თავიანთ მისვლის მიზეზი, მაგრამ მეფემ ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ელჩების საფრანგეთში ყოფნის დროს შარლ VII გარდაიცვალა და ტახტზე ლუი XI ავიდა. მისი მეფედ კურთხევის ცერემონიალს ქართველი ელჩებიც დაესწრნენ. ელჩებმა ახლად ნაკურთხ მეფესაც სთხოვეს დახმარება, მაგრამ ამაოდ.

ევროპის სახელმწიფოებს აღმოსავლეთის საქრისტიანოს განსაცდელი დიდად არ ადარდებდა, მათ თვითონ ჰქონდათ ურთიერთშორის დაუსრულებელი ომები გაჩაღებული, ხოლო ზოგიერთ მათგანს კი ოსმალებისგან თავი დასაცავი. ევროპელებმა, კერძოდ ავსტრიელებმა 1683 წელს ვენის კედლებთან ძლივს შეძლეს თურქული ექსპანსიის შეჩერება.

ევროპის ქვეყნებს საქართველოსთვის აღარ ეცალათ. ჩვენი ქვეყანა კვლავ მოექცა მაჰმადიანთა ზღვაში, როგორც პატარა კუნძული და ყოფნა-არყოფნის წინაშე დავდექით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას, ადვილი მისახვედრია, თუ რა განწირულად ევედრებოდნენ ქართველი მეფეები ევროპას დახმარებას.

ერთია პოლიტიკური მოსაზრება, რომ მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში მოქცეულნი, ევროპაში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტს და მეორეა, ქართველთა დასავლეთისკენ სწრაფვა, განპირობებული მათდამი უფრო მეტი სულიერი სიახლოვით, ვიდრე აღმოსავლური სამყაროსადმი გვქონდა.

ქართველი ელჩები არა მარტო რომის პაპის და საფრანგეთის მეფის, არამედ სხვა ევროპელი მონარქების წინაშეც არაერთგზის წარმდგარან, მაგრამ საერთო ევროპული კოალიციის შექმნა მაინც ვერა და ვერ მოხერხდა. საქართველო მარტო აღმოჩნდა ოსმალთა და სეფიანთა ირანის წინაშე.

ქართულ სამეფოთა წარმომადგენლები ევროპული სახელმწიფოებისგან არა მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას, რეალურ მოკავშირეობას ითხოვდნენ, რაც მიუღწეველი და განუხორციელებელი დარჩა.

ამ ურთიერთობაში ჯერ კიდევ გიორგი V-ს დროიდან გაისმა ქართველთა მხრიდან ერთგვარი საყვედურის ტონიც: “საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს... და სტოვებენ მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ”, ვკითხულობთ გიორგი ბრწყინვალეს მიერ საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასადმი, გაგზავნილ წერილში.

შეგვეძლო აქედან დაგვეწყო საუბარი ევროპის მიერ “მიტოვებულ“ საქართველოს თემაზეც. მითუმეტეს, თუ მას მიღწეული შედეგით ვაფასებთ. ქართველ დიპლომატთა ყველა მცდელობა და მათ შორის ევროპისაგან დახმარების იმედად ჩასული სულხან-საბა ორბელიანის ელჩობაც, როგორც ცნობილია, უშედეგოდ დასრულდა.

ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ისტორიული კითხვის დასმაც და პასუხების ძიებაც იმის შესახებ: დასავლეთმა როგორ “მიგვატოვა“ და გვითხრა „ცივი უარი”, კიდევ ერთ რამეს ადასტურებს, თუ რაოდენ ჩაუხედავები ვართ ამ თემაზე მოსაუბრენი საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიაში.

რით უნდა დაგვხმარებოდნენ ასწლიან ომში ჩაბმულნი ინგლისელები და ფრანგები, ან ერთმანეთთან მეომარი ინგლისელები და ესპანელები, ფრანგები და ავსტრიელები, პოლონელები და შვედები? იქნებ, ევროპული სოლიდარობით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ოსმალეთთან მებრძოლ ავსტრიას, ომის ყველაზე რთულ მომენტში (როდესაც ოსმალები ვენას მოადგნენ) ერთმორწმუნე საფრანგეთმა ლუქსემბურგის მიწები, ელზასი და სტრასბურგი მოსტაცა?

ნუ დაგვავიწყდება, რომ XX საუკუნის 50-იან წლებამდე, ევროპა ომების ქარცეცხლში თავად იყო გახვეული. საუკუნეების განმავლობაში დინასტიურმა, პოლიტიკურმა, რელიგიურმა, ეკონომიკურმა წინააღმდეგობებმა ეს კონტინენტი ურთიერთდაპირისპირებულ ბლოკებად და კოალიციებად დაქსაქსა.

არავითარი ერთიანი ევროპა, რომელსაც საქართველო ოსმალ-ირანელთა კლანჭებიდან რომ უნდა დაეხსნა ბუნებაში არ არსებობდა. მაშინდელი მოლოდინები ქართველ მეფეთა ილუზორული იყო.

ამდენად, იმ ისტორიულ კონტექსტში საქართველოს დახმარება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ევროპა ერთიანი სახით იარსებებდა.

თუმცა მაშინაც არსებობდა გლობალური (მაშინდელი თვალსაწიერით) პოლიტიკური კონფიგურაციის შექმნის პროექტი, რომელიც დიდ ფილოსოფოსს, მათემატიკოს, ლაიბნიცს ეკუთვნოდა.

მაგრამ, ევროპის პოლიტიკური ერთიანობის იდეა ბევრად უფრო ადრეც გაჩნდა - სადღაც ჯერ კიდევ VIII-IX სს. მიჯნაზე. მისი სამშობლო გახდა ფრანკთა სახელმწიფო, რომელიც მეფე კარლოს დიდის (768-814 წწ.) მეფობის დროს იმ მშფოთვარე პერიოდში ყველაზე უფრო სიცოცხლისუნარიან და ძლიერ გამაერთიანებლად მოჩანდა. მაგრამ ეს იყო მაინც არამყარი ერთობა, რომელსაც არ შეეძლო ევროპის კონტინენტზე ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოთა შორის საზღვრების ცვლისთვის დაუსრულებელი ომები შეეჩერებინა.

და მაინც კარლოს დიდისა და შემდგომ ოტონ I-ს იმპერიებმა თავისი გამაერთიანებელი როლი შეასრულა, რომელმაც თავი იჩინა ევროპის შიგნით საერთაშორისო ურთიერთობებშიც და იმ იდეის განმტკიცებაშიც, რომ ეს ახალგაზრდა, ჯერაც “ბარბაროსული”, ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფოები იყვნენ თავისი დიდი წინამორბედის - რომის ცივილიზაციის გამგრძელებელნი.

ლაიბნიცის პროექტიც ევროპის პოლიტიკურ ერთიანობას ისახავდა მიზნად. იგი გულისხმობდა ევროპის სახელმწიფოებს შორის ომების შეწყვეტას, ხანგრძლივ (თუ სამარადისო არა) ზავს და სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი ევროპული სახელმწიფოს (იმ მომენტისათვის არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო თვალსაზრისითაც) – საფრანგეთის ძალების კონცენტრირებას სუეცის რაიონში. ამას უნდა მოჰყოლოდა სუეცის არხის გაყვანა და დასავლეთის აღმოსავლეთით შემდგომი ექსპანსია.

ცხადია, ლუი XIV-ს ლაიბნიცის პროექტი რომ მიეღო, ამ შემთხვევაში საქართველოს ბედი შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო. მაგრამ, ჭირვეულ, დაბერებულ და აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მონარქს, რომელსაც სხვისი აზრების გაზიარება ნაკლებად შეეძლო, არ ესმოდა მისი მნიშვნელობა და ამიტომაც, ევროპის ერთობის მიღწევამდე კიდევ სამასი წელი გახდა მოსაცდელი.

აი ასეთ ვითარებაში, უსაშველოდ გაწელილ დროში, მაჰმადიანური აღმოსავლეთის დამპყრობლებმა საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანეს. ჩვენ მოვწყდით გარე სამყაროს და სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდით.

3. დაახლოება ჩრდილოეთელ მეზობელთან

მას შემდეგ, რაც ჩაიშალა რომის პაპის ცდა თურქეთის წინააღმდეგ კოალიციის მოწყობისა, საქართველოში თვალი ამჯერად რუსეთს მიაპყრეს.

1480 წელს თათართა დამარცხებამ და ერთმორწმუნე რუსეთის გაძლიერებამ დიდი სიხარული გამოიწვია საქართველოში.

ყველაზე ადრე რუსეთთან ურთიერთობა კახეთის სამეფომ დაამყარა, რამდენადაც იგი უფრო ახლოს იყო იმ გზებთან, რომლითაც მაშინ საქართველო ჩრდილოეთს უკავშირდებოდა.

1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრემ ელჩები გააგზავნა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-სთან მოსალაპარაკებლად. ეს იყო რუსეთ საქართველოს პირველი დიპლომატიური ურთიერთობა… ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც კახეთის, ასევე საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროების დაახლოება ჩრდილოეთელ მეზობელთან. რუსეთი კი თანდათანობით ძლიერდებოდა და მტკიცედ მოიწევდა სამხრეთისაკენ. ივანე მრისხანე ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დამორჩილების შემდეგ კავკასიას მოადგა. რუსეთის მეფემ, კავკასიის ხელში ადვილად ჩაგდების მიზნით, გადაწყვიტა გამოეყენებინა იქ მცხოვრები ქრისტიანები. ამ მიზნით, იგი კახეთის მეფე ლევანს დაუკავშირდა და „მფარველობა“ შესთავაზა. ლევანმა სიამოვნებით მიიღო იგი.

ივანე მრისხანემ 1564 წელს მდ. თერგისა და სუნჯის შესართავთან ციხე-სიმაგრე ააგო და შიგ ჯარი ჩააყენა.

ირანი და თურქეთი შიშით ადევნებდნენ თვალს რუსეთის გაძლიერებას და მის აგრესიულ სვლას სამხრეთისაკენ. ცხადია, ისინი კარგად ხედავდნენ იმ დიპლომატიურ ძაფებსაც, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის იბმებოდა.

1501 წელს ირანის შაჰი ისმაილი პირობით შეეკრა თურქეთის სულთანს, რომ საშიშროების თავიდან ასაცილებლად გაეწყვიტათ მთელი საქართველო. „შაჰ ისმაილი აფრთხილებდა სელიმს, რომ საქრისტიანო საქართველოსაგან ცუდი ბოლო მოელის სამაჰმადიანო ოსმალეთსაც და სპარსეთსაცო.“

კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებით შეშფოთებულმა თურქეთმა გადამწყვეტ ღონისძიებას მიმართა. მან ომის მუქარით აიძულა რუსეთი გაეყვანა ჯარები თერგის ციხიდან. მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები ამ მარცხის მიუხედავად კვლავაც აგრძელებდნენ მცდელობებს კავკასიაში თავისი გავლენის დასამკვიდრებლად. იცოდნენ რა ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა, რუსეთის მიერ აქ მოვლენილმა დესპანებმა, ისე წარმოუდგინეს ქართველებს საქმის ვითარება, რომ თითქოს რუსეთის ერთადერთი მიზანი ქრისტიანი ქართველების შველა ყოფილიყოს. ამ მოჩვენებითი თანაგრძნობით, მათ აღადგინეს კახეთთან ურთიერთობები რომლებიც 1570-იან წლებში გაწყდა.

1585 წელს რუსეთის მეფე თეოდორემ ალექსანდრე კახთა მეფეს თავისი ელჩის, დანილოვის სახით სიგელი გამოუგზავნა. რუსეთის მეფე კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა კახეთს. მაშინდელ ვითარებაში ალექსანდრე II-ს ეს ყველაფერი საუკეთესოდ ეჩვენა. სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა ჩრდილო კავკასიელების თავდასხმები კახეთზე. ალექსანდრეს მიაჩნდა რომ რუსეთი ამ ყველაფრის მოგვარებაში დაეხმარებოდა. მეფემ დარბაისლებთან მოითათბირა და დანილოვს საპასუხო ელჩობა გააყოლა.

1586 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრეს ელჩები მეფე თეოდორეს წარუდგნენ. კახეთის მეფე რუსეთის მეფისგან მფარველობას ითხოვდა. ეს მფარველობა შემდგომში უნდა გამოხატულიყო. რუსეთს კახეთი ყველა მტრისგან უნდა დაეცვა, რუსეთს მდინარე თერგზე ციხესიმაგრეები უნდა აეგო და უნდა გაეხსნა კახეთისკენ მიმავალი გზა რომელიც დაღესტანზე გადიოდა. ალექსანდრე II-ის წინადადება რუსეთში ხელსაყრელად ეჩვენათ.

1587 წელს ალექსანდრე მეფემ თავისი შვილებით და დარბაისლებით ფიცი დადო რუსეთის მეფის ერთგულებაზე, 1589 წელს კი რუსეთის მეფემ მას წყალობის სიგელი გამოუგზავნა, სადაც დადასტურებული იყო როგორც „ხელდების“, ისე „მფარველის“ უფლება-მოვალეობანი. კახეთის მაგალითით რუსეთს დაუკავშირდა აგრეთვე ქართლის მეფე გიორგი X.

მოსკოვის სამეფოს ზრდასთან ერთად, სარწმუნოებრივი ფაქტორი კიდევ უფრო დიდ როლს თამაშობდა პოლიტიკური ცხოვრებაში, რასაც რუსეთი მოხერხებულად იყენებდა. ქართველებმაც სცადეს მიეღოთ მათგან დახმარება, მაგრამ ეს ურთიერთლტოლვა ნაადრევი აღმოჩნდა. რუსების ინტერესები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მოუმზადებელი აღმოჩნდა და მარტო სარწმუნოების ერთობამ არ გაჭრა. ამიტომ იყო, რომ ამ ხანაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უფრო რომანტიული ხასიათისა იყო. ამის განჭვრეტა კი იმ დროს ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ალექსანდრე მეორის შვილები ირანსა და ოსმალეთში მძევლებად იყვნენ, თავად კი რუსეთს უცხადებდა მორჩილებას, ეს იყო მისი მხრიდან უდიდესი რისკი.