ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე - „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად რეალურ მიზნებს მალავს და შესაძლოა, როგორც წარსულის მაგალითზე რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ემსახურებოდეს.
მახაშვილი ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებს მოუწოდებს, გასაჯაროვდეს ყველა მიზანი და აქტივობა, რათა საზოგადოებისთვის პროცესები გამჭვირვალე იყოს.
„მსგავსი ტიპის შეხვედრები გამოიყენება ხოლმე არა იმ მიზნით, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს გაცხადებული, არამედ იმისთვის, თუ როგორ შეიძლება მაგალითად საპოლიციო ძალებს, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუწიო წინააღმდეგობა და რევოლუციური სცენარები დადგა. ეს იყო ჩვენი წარსული გამოცდილება. მოვუწოდებთ ყველას, მათ დამფინანსებლებს, მხარდამჭერებს, გაასაჯაროონ რეალურად კონკრეტული აქტივობები და მიზნები, რაც აქვთ ამ ღონისძიებებზე და საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, რათა შემდგომ არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში აღმოჩენილა, რომ ლამაზი სიტყვების მიღმა ხდებოდა ხოლმე რევოლუციური სცენარების დადგმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.