როდესაც ჯერ ევროპიდან ჩვენ არ გვესმის მკაფიო და აშკარა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს და მხარეებმა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა უნდა ჩვენთანაც იქნება მცდელობები, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ღიად განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და ამ მიმართულებით გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, ევროპა ამისთვის ჯერ მზად არ არის.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ში ხელისუფლებაში მოვიდა ტრამპის ადმინისტრაცია, მათი პირველი მოქმედებები მიმართული იყო იმისათვის, რომ დაესრულებინათ რუსეთ - უკრაინის ომი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. გახსოვთ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ოვალურ კაბინეტში და ალბათ გახსოვთ ისიც თუ, როგორ გაგრძელდა და რა გაგრძელება პოვა მისმა ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ევროპის კონტინენტზე და თუ რა იყო ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოხმაურება. ჩვენ დავინახეთ ორი განსხვავებული მიდგომა ომის მიმართ. იყო აშშ-ს მიდგომა ომის დაუყოვნებლივ დასრულებასთან დაკავშირებით. ხოლო ევროპა ჯერ კიდევ ფიქრობდა იმაზე თუ როგორმე არ დაესრულებინა ეს კონფლიქტი და შესაბამისად, გარკვეულწილად მიიღეს არაერთი გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების გაძლიერების თაობაზე. ჩვენ ვხედავ ევროპა დღეს არ არის მზად იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ეს ომი დასრულდეს. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ჩემი აზრით აბსოლუტურად ამორალური იყო, როდესაც ის ამბობს, რომ უკრაინამ თითქოს დაიცვა პოლონეთი და დანარჩენი ევროპა რუსეთის თავდასხმისაგან. თითქოს არსებობდა ამისი წინაპირობები და უკრაინამ დაიცვა ევროპის ქვეყნები იმისაგან, რომ რუსეთი აპირებდა თითქოს ამ ქვეყნებში შეჭრას და უკრაინა ფაქტობრივად ფარად გამოიყენა ევროპის კონტინენტმა. ძალიან რთული არის ამ ვითარებაში, როდესაც ჯერ ევროპიდან ჩვენ არ გვესმის მკაფიო და აშკარა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს და მხარეებმა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას, როცა მკაფიო გზავნილები ამის შესახებ ჯერჯერობით ევროპიდან არ არის, რა თქმა უნდა ჩვენთანაც იქნება მცდელობები, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა პაატა სალიამ.