როგორ მივითვისოთ მილიონები დაუსჯელად

როგორ მივითვისოთ მილიონები დაუსჯელად

მილიონი დოლარი - თანხა, რომლის გამოსამუშავებლადაც დედამიწის საშუალოსტატისტიკურმა მცხოვრებმა 92 წელი უნდა იმუშაოს.

2014 წლის იანვრის დასაწყისში, BBC-იმ და Associated Press-მა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ, მექრთამეობისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ადრიან ნასტასეს. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საკუთარი სახლის მშენებლობისას, ქრთამის სახით ჩინური სამშენებლო მასალების მიღებაში. ამავე დანაშაულში თანამონაწილეობისათვის 3 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა ნასტასეს ცოლს - დანას.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნასტასემ სამშენებლო ბიზნესის მწარმოებელ ირინა ჯიანუსგან ქრთამის სახით მიიღო 630 000 ევროს (856 000 დოლარის) ღირებულების სამშენებლო მასალები. მიღებული ქრთამის სანაცვლოდ ნასტასემ ჯიანუ რუმინეთის მშენებლობათა სახელმწიფო ინსპექტორატის ხელმძღვანელად დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ნასტასემ ციხე, ამ ახალი სასჯელის დანიშვნამდე 10 თვის წინ დატოვა, სადაც იგი 2012 წელს მისჯილ 2 წლიან თავისუფლების აღკვეთის სასჯელს იხდიდა. წინა განაჩენით იგი მსჯავრდებულ იქნა 2004 წელს სამშენებლო კომპანიებისაგან, მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით ნაღდი ფულის, სულ რაღაც 1,6 მილიონ ევროს უკანონოდ აკრეფისათვის.

საინტერესოა, რომ 2014 წლის პროცესზე, ნასტასე ბრალდებული იყო ასევე, ე.წ. „დეიდა ტამარას“ საქმეზეც. ამ ბრალდების მიხედვით, ნასტასემ 400 000 დოლარი შესთავაზა ქრთამად რუმინეთში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის უფროსს, რათა ამ უწყების მიერ წარმოებული საქმიდან გაექრო მისი ცოლის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული დოკუმენტები. ნასტასე იმტკიცებოდა, რომ თანხები, რომლებიც მისი ცოლის საბანკო ანგარიშზე იყო განთავსებული, ეკუთვნოდა მისი ცოლის დეიდას - ტამარას. ამ ბრალდებაში, ნასტასე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, თუმცა გაურკვეველი დარჩა რა უნდოდა ტამარას ფულებს დანას ანგარიშზე. მსოფლიოს არც ერთი სააგენტო არ იუწყებოდა, გამოიწვია თუ არა აღშფოთება-შეშფოთება ნასტასეს ამ განაჩენმა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში.

ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს ქართული მხარის წარმომადგენლების მიერ რუმინელებთან კონტაქტის დამყარება, რათა დადგინდეს, თუ რა მეთოდით აირიდეს მათ დასავლეთის რისხვა და გაუთავებელი შეგონებები მაფიოზურ კრიმინალთა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განხორციელების ბრალდებით.

ნასტასეს სისხლის სამართლის საქმეები მიუთითებენ მის შეუდარებელ უცოდველობაზე ნაცხროველთა ქმედებების ფონზე. ამ პირმა 4 წლის განმავლობაში დიდი წვალებით სულ რაღაც 3 მილიონი დოლარის მითვისება შესძლო.

სახელოვანმა ნაცხროველებმა ყოველგვარი ცოლის დეიდების გარეშე 2004-12 წლებში მიითვისეს და უკვალოდ შთანთქეს სახელმწიფოს კუთვნილი მილიარდობით დოლარი. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, 2012 წლის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალი 11 მილიარდ 760 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს, დაწყებული ახლად გაჩენილიდან, ასწლოვანებით დამთავრებული, დაახლოებით 3 334 დოლარი ვალი აქვს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ 2008 წლის ომის შედეგად დასავლეთიდან დახმარების სახით მიღებულ იქნა 3,5 მილიარდი დოლარი. ვალის წარმომავლობას, დანიშნულებას და ხარჯვის სამართლიანობას არავინ კითხულობდა და არც ახლა კითხულობს, გრანტების ხარჯვის კანონიერებაზე კი საუბარიც ზედმეტია, რადგანაც ამ თემების თეორიული განხილვაც კი სიცოცხლისთვის სახიფათოა.

სწორედ ამით აიხსნება დასავლელთა ზღვარგადასული ზრუნვა ნაცხროველ კრიმინალებზე, რომელთა ალაპარაკების შემთხვევაში ნათელი მოეფინება, თუ რა ფინანსურ ხეირს პოულობდნენ სესხთა და გრანტთა გამცემები. ეჭვგარეშეა, რომ ალაპარაკების შემთხვევაში, როგორც ალაპარაკებულები ისე მათი ამლაპარაკებლები უმალ მიქელ-გაბრიელის ქვეშევრდომები გახდებიან.

თანხების მითვისებაში გაწაფულობა უდაოდ გამოარჩევს ნაცხროველ პირანუსელებს როგორც აღმოსავლელი, ისე დასავლელი კრიმინალებისაგან. აშკარაა, რომ მზიას და ზეზვას გენის გამგრძელებლები რაღაც საიდუმლოს უნდა ფლობდნენ, რის წყალობითაც ისინი ან თავად ხდებიან უჩინარნი, ან კიდევ აბრმავებენ, ან ათაყვანებენ სამართალდამცავ ორგანოებს ისე, რომ მათ უბრალო არითმეტიკულ მოქმედებათა შესრულების უნარს უსპობენ, ან იმ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომ ეს უკანასკნელნი საკუთარ პატრონსაც ვეღარ ცნობენ.

ნაცხროველ კრიმინალთა მიერ ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობების მასშტაბებს და აღნიშნულის შედეგების შეუდარებელი ოსტატობით ჩაფარცხვას, თვალნათლივ წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ 15 მილიარდი დოლარი (ის, რაც თითქოს საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნოდა), რომელიც წონით რამდენიმე ტონას შეადგენდა, უკვალოდაა აორთქლებული და გამქრალი.

პირანუსელ ნაცხროველთა ეს მაგიური უნარი, რომელიც დევიდ კოპერფილდსაც კი არ დასიზმრებია, შეუმჩნეველად არ დარჩენია „აორთქლებულ, გამქრალი“ თანხების მეწილეებს დასავლეთში. სხვა რით უნდა აიხსნას, რომ ნომერ პირველი პირანუსელი, მსოფლიო რეიტინგში 87-ე ადგილზე მყოფ ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სამართლის და დიპლომატიის სკოლაში კითხულობს ლექციებს ანტიკორუფციულ თემებზე, რითაც, ოსტაპ ბენდერის ეს კარიკატურა აშკარა საფრთხეს უქმნის შტატების მომავალ ფინანსურ და სამართლებრივ სისტემას. უნგრეთში ამდაგვარ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ასევე, ნომერ მეორე ნაცხროველი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, სადაც, ალბათ, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს ატრეინინგებს მექრთამეობაში, რადგან მეტი, მიუხედავად ზენიჭიერებისა, საერთოდ არაფერი იცის.

ასევე მოუთმენლად ელიან ფრანგი მექრთამეები ცნობილი კურდღლის საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინიტრის ექსტრადირების საქმის დასრულებას ა.წ. თებერვლის ბოლოს, რის შემდეგაც, სავარაუდოა, რომ ეს პირი სორბონაში იქნება მიწვეული ლექციების კურსის საკითხავად თემაზე: ,,სახელმწიფოს შეუმჩნეველი და განუკითხავი ძარცვა ომის პროვოცირების მეშვეობით.“

სავარაუდოა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სამივე სახელგანთქმული პირანუსელი მოწვეული იქნება ლექციათა კურსის საკითხავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც ნაცხროველთა იდეოლოგიურ ფორპოსტადაა გადაქცეული. ტრადიციებს ხომ ღირსეული გაგრძელება სჭირდება.

საგულისხმოა, რომ ფორმალურად დასავლეთი, კონკრეტულად კი - ევროკავშირი, ა.წ. მაისში მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე შეცბუნებულია კორუფციის პრობლემებით, რომლის შესასწავლადაც კვლავაც დიდი ოდენობის თანხების გამოყოფას განაგრძობს.

ისეთი „არაკორუმპირებული“ სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველო იყო 2012 წლამდე, მხოლოდ 2008 წლიდან, ევროკავშირმა 15 მილიონი ევრო გამოყო საქართველოში არარსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმისათვის. საერთოდ კი მხოლოდ 2011-13 წლებში ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 180 მილიონი ევრო, მრავალ საკითხთა, მათ შორის - სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე და ვორქშოფებზე, სამთო და საზღვაო კურორტებზე, რის შედეგადაც ქართველმა სამართალდამცავებმა საერთოდ დაკარგეს სამყაროს რეალურად აღქმის უნარი, რაც პირდაპირ კავშირშია მათ მიერ, ადრე და ამჟამად ნაცბანდის წევრთა ბრალდების წარმატებით გამოძიებულ საქმეთა ნულთან მიახლოებულ მაჩვენებელთან.

სავარაუდოა, რომ ახალი ხელისუფლება, მონდომების შემთხვევაში, რეალურად შესძლებს წარსულის მავნე გაკვეთილებიდან დასკვნების გამოტანას, თუკი საქმეს ნუცას სკოლადამთვრებულებს და ნაცხროვის სატელიტებს არ მიანდობს.

განსახილველი საკითხის კონტექსტში, მეტად საინტერესო მასალა გაავრცელა Associated Press-მა ა.წ. 3 თებერვალს, რომლის თანახმადაც, ამ დღეს ბრიუსელში პრეს-კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის საშიანო საქმეთა საკითხებზე ევროკომისარ, ქ-ნ. სესილია მალსტრომის მოხსენებასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას კორუფცია 120 მილიარდი ევრო (162,9 მილიარდი დოლარი) უჯდება. მან განაცხადა, რომ თანხები რომლებიც ყოველწლიურად იკარგება (ანუ ქრება), ხელოვნურად გაბერილი სახელმწიფოს კონტრაქტების, ფარული პოლიტიკური დაფინანსების და სხვა კორუფციული საქმიანობის გამო, საკმარისი იქნებოდა, რათა ამ თანხით სრულად დაფინანსებულიყო ევროკავშირის წლიური, მიმდინარე ბიუჯეტი.                           

მოხსენებაში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, რომ ფანტომურ კორუფციას ძირითადად ადგილი აქვს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე და ისეთ დარგებში, როგორიცაა სახელმიწიფოს მიერ დაფინანსებული საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვები, რაც ევროკავშირის ყველა დანახარჯების 20%-ს შეადგენს, რომლის მეოთხედიც კორუფციის მიერ შთაინთქმება. რაც შეეხება კერძო სექტორს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ათი კომპანიიდან ოთხი დაბრკოლებას აწყდება კორუფციის გამო.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მდგომარეობა, როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მის დაძლევას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. არსებული რეალობა ცხადყოფს, რომ მილიონის უმტკივნეულოდ მითვისების ძირითად საშუალებად კვლავ რჩება პრინციპი - იპარე და ძარცვე რაც შეიძლება მეტი.

როგორც ნაცხროველთა ლიდერის ფენომენი მოწმობს, მითვისების მეთოდთა შორის ყველაზე წარმატებულია მილიარდის მითვისება. ეს იძლევა ასპროცენტიან გარანტიას, რომ მითვისებულის დიდი ნაწილი იქნება შენარჩუნებული, ამ თანხის ნაწილით კი გამოძიების, სასამართლოს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა თუ ცრუ ოპონენტთა, უცხოელ ლობისტთა და მასმედიის მოსყიდვას. აღნიშნულის შედეგად, კვლავაც უცვლელი რჩება ხელთა ურთიერთბანის უკვდავი რომაული პრინციპი - manus manum lavat.

ვისაც არ შესწევს მილიარდის შოვნის უნარი და მხოლოდ მილიონით კმაყოფილდება, მათთვისაც არსებობს რეცეპტი. საამისოდ საჭიროა პირველ, საწყის ეტაპზე რომელიმე პარტიაში შეძრომა, რაც თავისთავად მუქთა პურის ჭამის უზრუნველყოფის უებარი საშუალებაა.

იმავდროულად, უნდა აიცრათ ყოველივე ადამიანურის წინააღმდეგ, რაც გააათმაგებს თქვენს ბრძოლისუნარიანობას. მეტყველების და წერა-კითხვის უნარის დახვეწა საჭირო არაა, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია თქვენი სტატუსი და არა ის, თუ რას ჩმახავთ, ბოდავთ ან ჩლიფინებთ. იმავდროულად, არ უნდა დაიზაროთ და სისტემატურად ივარჯიშოთ ხტუნვაში, რაც აუცილებლად გამოგადგებათ ერთი პარტიიდან, საჭიროების შემთხვევაში, მეორეში, ან სხვა უფრო მნიშვნელოვან რაღაც-რაღაცეებზე გადახტომაში.

რადგანაც თქვენი საბოლოო მიზანი მაინც უშრომველად მილიონის შოვნაა, პარტიული საქმიანობით უნდა უზრუნველყოთ მთავრობაში ან პარლამენტში თქვენი შეღწევა. საამისოდ არ უნდა დაიშუროთ თანხა ვაზელინის დიდი ოდენობით მოსამარაგებლად. ამასთან ერთად, უნდა გამოიმუშავოთ უნარი, რათა თქვენს სამეტყველო ლექსიკაში ყოველი მეორე სიტყვა იყოს „ხალხი“ ყველა ბრუნვაში.

ამ პოზიციაზე დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ იწყებთ რომელიმე საქონლის ერთპიროვნულ იმპორტირებაზე ზრუნვას. ამასთან დაკავშირებით, სხვა მახინჯებთან ერთად აწესებთ საქართველოში იგივე პროდუქციის წარმოების, ან სხვის მიერ შემოტანის აკრძალვას, რის შედეგადაც ხდებით მონოპოლისტი. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ სახელმწიფო ტენდერების თქვენს მიერ გაკონტროლებას და „ვაზვრატების“ დროულად და სრულად მიღებას. ეს კი უზრუნველყოფს თქვენს და თქვენი ნაშიერების სამუდამო ნირვანაში ყოფნას, რადგან სტატიის სათაურში გამოსახული მილიონი რეალური სახით უკვე თქვენს სეიფში აღმოჩნდება. ყოველი უგვანო ქმედებისათვის პასუხისმგებლობისაგან თქვენ დაგიცავთ ისეთი მაგიური ცნება, როგორიცაა იმუნიტეტი.

პარლამენტარის, ან საზოგადოებაზე მზრუნველი მთავრობის წევრის, ან მათთან დაახლოებული პოსტის მისაკუთრების დამატებითი, დამხმარე საშუალებაა საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ლოკალურ დონეზე გამარჯვება. ეს კი, არც თუ შორეულ მომავალში, ევროკავშირში „დაკარგული“ 120 მილიარდის რაღაც ნაწილის დასაკუთრებაშიც დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, ყოველი შემთხვევისთვის უნდა შექმნათ მეუღლეთა, ან მათ ნათესავთა სახელზე დარეგისტრირებული ასო, ან რაიმე, უმჯობესია ევრო-ამერიკული დემოკრატიის კვლევების ინსტიტუტი ან ცენტრი, რომლებიც მუდმივად იმუშავებენ მილიონიანი გრანტებით უზრუნველყოფილ ისეთ ანტიკორუფციულ თემებზე , როგორიცაა მაგალითად „როგორ ვებრძოლოთ მილიონების მითვისებას, ოპოზიციად შერაცხულ ნაცხროვის გაბლატავების პირობებში“.