თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, გასული კვირიდან დაწყებული, საპროტესტო აქციების დროს, ჯამში, 1 133 ადამიანი დააკავეს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში იერლიკაია პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში, ქუჩის აქციების წახალისებასა და პოლიციაზე თავდასხმაში“.
„ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. ნურავინ ეცდება, ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ფარად გამოიყენოს“, – აღნიშნავს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ამასთან, თურქეთის პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს სტამბოლსა და იზმირში, სულ მცირე, ათი ჟურნალისტი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. „ფრანს პრესის“ ცნობით, დაკავებულს შორის არის სააგენტოს ერთ-ერთი ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარ სახლში დააკავეს.