საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ფიქრობს რომ მისი არჩევანი საჭიროებს რომელიმე უცხო ქვეყნის აღიარებას, ეს მოქალაქე არ აღიარებს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად. მისი თქმით, არჩევნებს არცერთი ქვეყნის აღიარება არ სჭირდება.
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობებს, ფორმალურ გამოხატულებებს, თქვენ ახლახან იხილეთ როგორ გადასცეს აგრემანი საქართველოს პრეზიდენტს ბელგიის ელჩმა და სხვა ქვეყნების ელჩებმა. ასე რომ ვისაც ფორმალობა აინტერესებს, იხილეთ აგრემანის გადაცემები, ვისაც არაფორმალობები აინტერესებს, დაფიქრდნენ დამოუკიდებელ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, თუ უნდათ, რომ იყვნენ ვასალები, რაც სინამდვილეში უნდათ; ამ ოპოზიციას სინამდვილეში უნდა, რომ იყვნენ ვასალები, ენჯეოებსაც ხომ უნდათ რომ იყვნენ ვასალები - რასაც გეტყვიან გარედან ის უნდა აკეთო - ეს არის მთავარი მათი ხაზი. გითხრეს ტალინიდან რაღაცა და გააკეთე რაც გითხრეს ტალინიდან, რაც გითხრეს ბრიუსელიდან, რაც გითხრეს ვილნიუსიდან, რასაც გეუბნებოდნენ მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის დროს ის უნდა გაგეკეთებინა. სინამდვილეში ეს არის შედეგი. ამ დონორების მილიონობით ჩასხმული ფული ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ეს იყო გარკვეული მედია ქსელების თუ პროპაგანდისთვის ჩასხმული ფული და რა თქმა უნდა ამერიკული ფული თუ ასეთი იყო, ევროპული ფულიც ასეთი რომ იქნებოდა, ამაზე ვინმეს კითხვა აქვს? ამან შედეგი ის გამოიღო, რომ 21-ე საუკუნეში აღზარდა ახალი საბჭოთა მოქალაქეები. სინამდვილეში ეს მივიღეთ, რომ გვყავს ხალხი, რომელიც შეიძლება საბჭოთა კავშირში დაბადებული არ არის, მაგრამ საბჭოთა მენტალობა დაუბრუნეს მათ, როდესაც ცენტრი წყვეტს, ყველაფერს, როდესაც ცენტრს უნდა დაუჯერო, რასაც ტალინიდან, ვილნიუსიდან (ბრიუსელი არ იკმარეს) გეტყვიან, ის უნდა აკეთო და ის არის სწორი. ამიტომ საბჭოთა მენტალიტეტია სინამდვილეში, რაც დააბრუნა ზოგიერთმა დონორმა ამ ენჯეოების და პოლიტიკოსების სახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.