ყაზახეთის ელჩი: სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

ყაზახეთის ელჩი: სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა.

„გასული წლის შედეგებით, საქართველოს სტატისტიკური უწყების მაჩვენებლებით, ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 922 მილიონს გაუტოლდა და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა სამ-ნახევარჯერ გაიზარდა“, - აღნიშნა მალიკ მურზალინმა.

ყაზახეთის ელჩმა ასევე ისაუბრა რა ტიპის ქართულ პროდუქციაზეა მოთხოვნა ყაზახეთში და სამი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი დაასახელა.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა, რასაც საქართველოში ყიდულობენ ყაზახები, ეს არის ავტომობილები. ეს საყურადღებოა, რადგან იმპორტი და ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის 1/3-ზე უფრო მაღალი, ვიდრე ყველა სავაჭრო ეკონომიკური ოპერაციები საქართველოს მხრიდან.

მეორე გახლავთ მინერალური წყალი. ყაზახეთში ძალიან პოპულარულია, მას კარგად იცნობენ, პირველ რიგში „ბორჯომზეა“ საუბარი. 10 მილიონი ბოთლით მეტი გაიყიდა გასულ წელს, ვიდრე წინა წელს. ბრწყინვალე დინამიკა გვაქვს. სხვა კომპანიები ცდილობენ იარონ იმ მიმართულებით, რაც „ბორჯომმა“ გაკვალა ყაზახეთის ტერიტორიაზე. „ბორჯომისთვის“ ჩვენ ვართ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი.

და მესამე არის ღვინო. ყაზახებს დიდი ხანია უყვართ თქვენი ღვინო. მე ვიცი, რომ საქართველოსთვის ღვინის ექსპორტი არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ყაზახები დიდი სიამოვნებით ვყიდულობთ ქართულ ღვინოს. „ქინძმარაული“, „ხვანჭკარა“ და „წინანდალი“ - ეს არის სამი ძირითადი ბრენდი, რომელიც ყაზახეთში იყიდება“, - განმარტა ყაზახეთის ელჩმა მალიკ მურზალინმა.