ყველა იმ დეტალიდან, რაზეც ვისაუბრეთ ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, გაიხსენეს ის ეპიზოდი, როდესაც ორი დღე-ღამე ფეხზე დამდგარი აწამებდნენ ადამიანს და არ ეძლეოდა მას არც დაჯდომის, არც დაწოლის საშუალება.
„ეს ჩვეული ამბავი იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კეთილი უნდა ინებოს და იმ პირებმა, ვისაც დაიბარებს კომისია, გამოცხადდნენ და ჩვენება მისცენ კომისიას. ისაუბრონ სიმართლე“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ერთ-ერთი გახმაურებული, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.