გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ “ქართული ოცნება”64-ვე მუნიციპალიტეტში [ოპოზიციას], - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციონერები აგენტები არიან და გარე პატრონების ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებენ, ამიტომ, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ.
„ისინი არიან აგენტები და შესაბამისად, მათი გარე უფროსები მათთვის რომ მოიცლიან და ინსტრუქციებს გამოუშვებენ, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
თუ ინსტრუქცია იქნება რომ ოთხი რადიკალური პარტიის მაგივრად ექვსი დაჯგუფება შექმნან, ექვსს შექმნიან, თუ ეტყვიან ორში გაერთიანდითო - ორში გაერთიანდებიან. მათთვის ასევე ძალიან მძიმეა ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან, მათივე ამომრჩევლის თვალში, მათი პოლიტიკური თავმოყვარეობა პლინთუსს ქვემოთ ჩავა, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ამბობენ, პრემიერი და პრეზიდენტი არიან არალეგიტიმურებიო და ამის ფონზე, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ნიშნავენ ამ არჩევნებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, „დიფ სთეითი” არც ოპოზიციონერების თავმოყვარეობას გაითვალისწინებს და არც იმას, ვის ვინ ჰყავს გალანძღული, როგორც დააჯგუფებენ, ისე მოუწევთ მოქმედება.
„ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ არც მათ თავმოყვარეობას გაითვალისწინებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, არც მათ „პრინციპულობას“, არც იმას - ვის ვინ ეზიზღება და ვის ვინ ჰყავს გალანძღული - როგორ ინსტრუქციასაც გამოუშვებენ და როგორც დააჯგუფებენ, ზუსტად ისე მოუწევთ მოქმედება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.